ოპოზიციური პარტიების განცხადებით, არ დაესწრებიან თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომას, სადაც კახა კალაძე დასამტკიცებლად წარადგენს ბიუჯეტს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ განცხადებით, კალაძე არის „არალეგიტიმური ხელისუფლების, ერთ-ერთი მთავარი სპიკერი და ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული, ძალადობრივი ქმედებებისა და რეჟიმის გამმართლებელი“ და დაუშვებლად მიაჩნიათ მასთან ერთად საკითხების განხილვაში მონაწილეობა.
„ახლა, როცა არჩევნების გაყალბება, საარჩევნო მანიპულაციები, ხმის ფარულობის დარღვევა, მოქალაქეთა დაშინება და ხელისუფლების მხრიდან სხვა უხეში ჩარევა არჩევნებში უკვე დადასტურდა ეუთო-ოდირის დასკვნითაც, მაგრამ ამ ფონზე ის კვლავ განაგრძობს მისთვის ჩვეულ რიტორიკას გამოვრიცხავთ მასთან ნებისმიერ საკითხზე მსჯელობას და მასთან ყალბ დისკუსიაში შესვლა იქნება ყოველდღიურად ბრძოლაში მყოფი, გულანთებული, პატრიოტი თბილისელების ღალატი. ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ პროტესტს და ვიდგებით ჩვენი თანამემამულეების გვერდით, ვიდრე არ გათავისუფლდებიან რეჟიმის პატიმრები და არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები“, – წერია განცხადებაში.
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, წარმოუდგენლად მიაჩნიათ „დემოკრატიობანა“ ითამაშონ კალაძესთან ერთად ისე, თითქოს ქვეყანაში არაფერი არ ხდება. ნადირაძის განცხადებით, პროტესტს ქუჩაში გააგრძელებენ.
„სანქცირებული კახი კალაძე არის „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, რომელმაც ქვეყანას დააკარგვინა ევროპული პერსპექტივა და წაიყვანა რუსეთისკენ. ეს ადამიანი ასევე არის ზონდერ ჯგუფების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი და მფარველი, რომლებიც ყოველდღიურად სცემენ, იტაცებენ, შეურაცხყოფას აყენებენ მშვიდობიან მომიტინგეებს, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის მილიონი პრობლემა, საცობით, პარკირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაწყებული პრობლემა, წარმოუდგენელია, რომ ამ უნიღბო რუსეთუმესთან ერთად დავსხდეთ საკრებულოში, ვითომ ქვეყანაში არაფერი არ ხდება და დემოკრატიობანა ვითამაშოთ, ამიტომ თუ გვინდა პოლიტიკა დაბრუნდეს საკრებულოში, პარლამენტში და ქვეყანაში, გამოსავალი არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა ივანიშვილის და მისი რუსული რეჟიმის გარეშე“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
„გახარია საქართველოსთვის“ წევრის, თამარ ხვედელიანის განცხადებით, რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ ბოიკოტის რეჟიმში არიან. მისივე თქმით, მას შემდეგ „ოცნების“ ქმედებებმა ქვეყანა უმძიმეს კრიზისსა და არაკონსტიტუციურ პროცესში შეიყვანეს.
„27-დღიანმა სახალხო პროტესტმა მოგვიტანა ის, რომ: არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ აღიარებს არალეგიტიმურ მთავრობას და პარლამენტს; ჩვენი ქვეყნის მრავალი წლის პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან დაწესდა პერსონალური სანქციები იმ ინდივიდების მიმართ, ვინც არღვევს კონსტიტუციას, ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე, ჩაფლულია სისტემურ კორუფციაში, ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში და კლავს ევროინტეგრაციის პროცესს. ასეთ ვითარებაში, ჩვენ, ცხადია, არ დავესწრებით დღევანდელ სხდომას, კორუმპირებულ, მოღალატე და მოძალადე ოცნების უმრავლესობასთან ერთად“, – განაცხადა თამარ ხვედელიანმა.
ხვედელიანმა მოქალაქეებს მოუწოდა, დღეს 19:00 საათზე ისევ შეიკრიბონ რუსთაველის გამზირზე.
კოალიცია „ძლიერი საქართველო“, რომელიც ასევე არ ესწრება დღევანდელ სხდომას, აცხადებს, რომ მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით ყველა კითხვა დაისმება საგამოძიებო ორგანოების მიერ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება. საბა ბუაძის თქმით, იმისათვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, აუცილებელია გაგრძელდეს ფართო საზოგადოებრივი წინააღმდეგობა.
„დღეს თბილისის საკრებულოში ჩვენი დედაქალაქის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული და სამარცხვინო მერი, კახი კალაძე წარადგენს ყოველწლიურ ანგარიშს, თუმცა ჩვენი კოალიცია – „ძლიერი საქართველო“ და საკრებულოში ჩვენი ფრაქცია არ იღებს მონაწილეობას ამ ფარსში. ჩვენ არანაირი კითხვები კახა კალაძესთან არ გაგვაჩნია, არ გაგვაჩნია კითხვები იმ რეჟიმის წარმომადგენლებთან, რომლებიც ადამიანებს ქუჩაში უსწორდებიან და კახი კალაძე არის ამ რეჟიმის ერთ-ერთი გამორჩეულად სამარცხვინო სახე. ჩვენ ვნახეთ, რომ თბილისმა და თბილისელებმა კალაძეს და ივანიშვილს უკვე გასცეს პასუხი 26 ოქტომბერს, როდესაც მასშტაბური გაყალბების მიუხედავად, უარი უთხრეს „ქართულ ოცნებას“ და იმ პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ როგორც საქართველოში, ისე თბილისში ახორციელებს“, – თქვა საბა ბუაძემ.