ოპოზიციური პარტიები: ეუთო/ოდირს მივმართავთ, გამოაგზავნოს საქართველოში სპეციალური მისია

პუბლიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ერთობლივი წერილით მიმართავენ ეუთო/ოდირს, რომ გამოგზავნოს საქართველოში სპეციალური მისია. ოპოზიციური პარტიების კოალიციები ამბობენ, რომ ამ მისიის მიზანი იქნება, შეისწავლოს საარჩევნო კანონდარღვევები, ასევე ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები.

„ჩვენ, ევროპული კოალიცია ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს. ამისთვის, როგორც იცით, ერთობლივად მივმართეთ ევროკავშირს, რომლის რეკომენდაციებიც უკვე ასახულია ევროკომისიის დასკვნაში. დღეს ჩვენ ვმუშაობთ და დავასრულეთ ერთობლივი წერილი, რომელიც გაეგზავნება ეუთო/ოდირს. ამ წერილში ჩვენ ვთხოვთ ეუთო/ოდირს, რომ აამუშაოს „მოსკოვის მექანიზმი“, რომელიც პირველად გამოყენებულ იქნა 1991 წელს, რაც გულისხმობს, რომ ეუთო/ოდირმა უნდა გამოაგზავნოს საქართველოში სპეციალური მისია, რომელიც შეისწავლის კანონდარღვევებს, მიტაცებულ არჩევნებს, რომ ჩვენ გვქონდეს სამომავლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების საშუალება ამ ქვეყანაში და მეორე, შეისწავლოს ასევე ის ძალადობრივი ფაქტები, რომელსაც რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს.

წერილს თან ახალავს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ რეპორტი, სადაც წვრილად არის ახსნილი ის ძალადობა, ტერორიზმი, რომელიც ივანიშვილმა მოუწყო საკუთარ მოსახლეობას, თუ როგორ გამოუცხადა ომი ივანიშვილმა ქართველ ხალხს, ვინაიდან მას სძულს ქართველები, ისევე როგორც სძულდა სტალინს. შესაბამისად, ამ წერილში ფაქტობრივი მასალაა წარმოდგენილი, რომელიც სულ მალე ეუთო/ოდირის მეილებზე იქნება გაგზავნილი, ჩვენ ერთობლივად ვაგრძელებთ მუშობას, ამ ერთობლივი მუშაობის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოს მოძალადე რეჟიმს უწესდება სანქციები“, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

ერთობლივი წერილის ხელმომწერები არიან:

  • „კოალიცია ცვლილებისთვის”;
  • „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“;
  • „ძლიერი საქართველო“;
  • „გახარია საქართველოსთვის“.