„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია – საქართველოსთვის“ 11-12 იანვარს ბათუმსა და თბილისში საპროტესტო აქციებისას დაკავებული თანაპარტიელების გათავისუფლებას მოითხოვენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, გუშინ თბილისში დაკავებულ მოქალაქეებს არანაირი კანონდარღვევა არ ჩაუდენიათ.
როგორც ცნობილია, დაკავებულთა შორის არიან „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები: ტიტე გედენიძე, შაკო მაღრაძე და ბექა პაპაშვილი.
„დღეს „ქართული ოცნება“ დგას მხოლოდ და მხოლოდ შიშზე და მისგან ნაკარნახევ ძალადობაზე. ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი საყრდენი დღეს არის სწორედ ეს უსამართლო, სანქცირებული მოსამართლეები, რომლებიც 19-20 წლის თავისუფლებისთვის მებრძოლ, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ პატრიოტ ახალგაზრდებს თვალის დაუხამხამებლად უშვებს საპატიმროებში. მე მინდა, კარგად ახსოვდეს ყველას, რომ ეს უსამართლობა ძალიან მალე დასრულდება.
გუშინ სწორედ მათ წინააღმდეგ მიმართულ მშვიდობიან აქციაზე დააკავეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები სხვა პატრიოტ თანამებრძოლებთან ერთად. ჩვენ მოვითხოვთ იმ ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც სრულიად უკანონოდ დააპატიმრეს.
არავითარი კანონდარღვევა არ ყოფილა გუშინ მათი მხრიდან. მართლა სასაცილოა უკანონობასა და კანონდარღვევაზე საუბარი იმ ე.წ. ხელისუფლების მხრიდან, რომელიც არ არის აღიარებული არავისგან, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ბიჭებო, თქვენ გვერდით ვდგავართ, იყავით მაგრად. ეს უკანონობა ძალიან მალე დასრულდება. ჩვენს ქვეყანაში სამართალი იზეიმებს და ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით კი, ბათუმში 12 იანვარს დაკავებულთა შორის არიან მათი კოალიციის წევრები: ვაჟა დარჩია და ლუკა ნაცვლიშვილი.
ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ მიყუჩებულმა თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვიტა, იძალადოს ბათუმში მოქალაქეებზე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მასობრივად, უკანონოდ, ძალადობრივად დააკავეს ბათუმში სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები, ქალები.
ჩვენი კოალიციის ორი ძალიან მნიშვნელოვანი წევრი და ადგილობრივი ლიდერი ამჟამად არის დაკავებული – ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია და „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ლიდერი, ახალგაზრდა პოლიტიკოსი ლუკა ნაცვლიშვილი. ჩვენ მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
პარალელურად, ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ სანქციები იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უკან დაახევინებს ძალადობრივ ხელისუფლებას. თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში თუნდაც, ვერც კი ბედავდა, რომ „ქოცური“ განცხადებები ეკეთებინა, მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. მოუწევს ასევე პასუხისმგებლობის აღება აჭარაში არსებულ ე.წ. ხარებებს – ბატონ ბესელიას და დგებუაძეს, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში ატერორებენ არა მხოლოდ ბათუმის მოქალაქეებს, არამედ ბათუმში მყოფ სამართალდამცველ პირებს“, – განაცხადა კუპრაძემ.
ბათუმში საპროტესტო აქციაზე დააკავეს პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, მათე ცენტერაძე და ელიზბარ ჩხიკვაძე.
პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ვიკა ფილფანის განცხადებით, „ოცნების” რეპრესიულმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ნამდვილი სახე – „სისასტიკე, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდების წინააღმდეგ“.
ფილფანის განცხადებით, მისი პარტიის მოთხოვნაა უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების თარიღის გამოცხადება.
„რეჟიმმა უკანონოდ დააკავა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, მათე ცენტერაძე და ელიზბარ ჩხიკვაძე, ასევე არაერთი ახალგაზრდა და ჟურნალისტი, რომლებიც მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას.
უკვე თვეზე მეტია, რაც საქართველოს მოქალაქეები, ბათუმში, თბილისში და სხვა ქალაქებში, მშვიდობიანად აპროტესტებენ უსამართლობას. ქართველი ხალხის ერთიანობის შედეგად „ოცნების” არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ვერ მოიპოვა აღიარება ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. თუმცა, ამ საპროტესტო ტალღის საპასუხოდ რეჟიმი ყოველდღიურად მიმართავს უკანონო დაკავებებს. უდანაშაულო ადამიანები იქცნენ ტყვეებად, რადგან „ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს დაშინებით შეინარჩუნოს ძალაუფლება.
ეს მოვლენები არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ „ოცნების“ მავნებლური რეჟიმი განსაკუთრებული სისასტიკით იბრძვის თავისუფალი აზრის წინააღმდეგ. ისინი აცნობიერებენ, რომ ახალგაზრდების დამორჩილება ყველაზე რთულია, რადგან ახალგაზრდები არიან ის ძალა, რომლებიც არ უშინდებიან უსამართლობას და სჯერათ ევროპული მომავლის შექმნის, იმ მომავლის, რომელსაც დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლება გვართმევს”, – განაცხადა ფილფანმა.
11 იანვარს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 10-მდე ადამიანი დააკავეს.
დაკავებულებს შორის იყვნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრები ელენე ხოშტარია, გიორგი კირთაძე და შუშანა მაცაბერიძე,
ასევე, გამოცემა „ბათუმელების” თანამშრომელი, ოპერატორი გურამ მურვანიძე. ამავე დღეს ორჯერ დააკავეს „ბათუმელების” ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი
პირველად იგი სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო დააკავეს და რამდენიმე საათის შემდეგ გამოუშვეს. თუმცა, მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს 2 სხვა პირთან ერთად.
მზია ამაღლობელს ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს პოლიციელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმას პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რაც შეეხება თბილისის აქციას, გუშინ, 12 იანვარს მოსამართლეებმა რესტორან „ბაბილოში” იქეიფეს, ქეიფის შემდეგ კი ტერიტორია პოლიციის განსაკუთრებული მობილიზების ფონზე დატოვეს.
მოსამართლეების შეკრების პარალელურად, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა – იქ იმყოფებოდნენ აქციებზე დაკავებული პატიმრების ოჯახის წევრებიც, ისმოდა შეძახილები: „ცეცხლი ჭამეთ, მონები”. ამასთან, მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად, ისროლეს კვერცხები – ეს პროტესტი მათ გამოხატეს ორი მოსამართლის, ივანე ყიფიანისა და მალხაზ ოქროპირაშვილის მიმართ.
აქციაზე სიტუაცია პერიოდულად იძაბებოდა – პოლიციამ რამდენიმე მონაწილე ძალადობრივად დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” განუცხადეს, რომ ადმინისტრაციული წესით 9 პირია დაკავებული.