ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ აქციაში მონაწილეობაზე, მიხვდნენ, რომ „ნაცმოძრაობა“ მილევად რეჟიმშია | ზარქუა

პუბლიკა

14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილი აქციის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ აქციაში მონაწილეობაზე, რადგან მიხვდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მილევად რეჟიმში გადასული პარტიაა და არ უნდათ, გაიგივდნენ სააკაშვილთან.

„ყველა დამნაშავეს თავისი მხარდამჭერები და მიმდევრები ჰყავს, ვისაც სჯერა, ვისაც არ სჯერა, ან არ უნდა დაიჯეროს. ყველას აქვს უფლება, გამოხატოს თავის პოზიცია. ჩვენ დაჭერის დღიდან ვხედავთ აქციებს, რომლებსაც ხან შვიდი კაცი ესწრება, ხან 15 ან  50. სამართლებრივად, შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით, ყველას აქვს უფლება, აქცია მოაწყოს და მოაწყონ. რამდენადაც ვიცი, ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ მონაწილეობაზე. მიხვდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მილევად რეჟიმში გადასული პარტიაა და არ უნდათ, გაიგივდნენ სააკაშვილთან.

ეს პოზიციაა სწორია, რადგან ნათელაშვილის ფანჩატურში ჯდომამ ყველას დაანახა, რომ მათი ლუსტრაცია მოხდა და საზოგადოებაში რეიტინგმა დაიკლო. რაც არ უნდა მცდელობა გქონდეს, მწვალებელთა პარტიის გაკეთილშობილება შეუძლებელია“, – განაცხადა ზარქუამ.

14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

აქციაში მონაწილეობაზე თავისი პოზიცია დააფიქსირა „ლელომ”, „ევროპულმა საქართველომ”, „სტრატეგია აღმაშენებელმა” და საპარლამენტო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა. აღნიშნული პარტიები სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას არ უერთდებიან.