ოპოზიციური პარტიები უსაფრთხოების საკითხებზე განმარტებას მოითხოვენ

პუბლიკა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი უკრაინაში ომისა და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე დისკუსიის პარალელურად უსაფრთხოების საკითხებზე განმარტებებს მოითხოვს. ისინი შეკითხვებით ძალოვან უწყებებს მიმართავენ.

პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მიმართავს, მოსახლეობას აუხსნას, რა გეგმა აქვთ ქვეყნის უსაფრთხოებასთან, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და მიგრაციის რეჟიმთან დაკავშირებით;

„რეგიონში ომის გამო, ვხედავთ, რომ გაზრდილია მიგრაცია. სად არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ვალდებულია, მოქალაქეებს მიაწოდოს ინფორმაცია შესაძლო საფრთხეების შესახებ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გახარიას პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, გადახედონ სავიზო რეჟიმს რუსეთთან და მინიმუმ 1-წლიანი უვიზო რეჟიმი შეამცირონ 1-3 თვემდე.

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს წერილით მიმართა და მისგან მოითხოვა პასუხი, რა ღონისძიებებს ატარებს უწყება იმისთვის, რომ რუსეთიდან მომავალ მოქალაქეებს დივერსანტებიც არ შემოჰყვნენ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები საქართველოში მასობრივად შემოდიან. ამის კონტროლი არ ხდება. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ადამიანათა შორის, სავარაუდოდ, შეიძლება დივერსანტები იყვნენ, მნიშვნელოვანად მიგვაჩნია გავარკვიოთ, რა ღონისძიებებს ატარებს ან რა მექანიზმები აქვს სახელმწიფო იმისთვის, რომ მსგავს ადამიანთა შემოსვლა აღკვეთოს.

ასევე, ბატონ გომელაურს ვთხოვთ, მოგვაწოდოს ინფორმაცია ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ პირთა რაოდენობის და ასეთი პირების არსებობის შემთხვევაში, მათ მიმართ გამოყენებული სანქციების ზომის თაობაზე“, – განაცხადა ენმ-ის წევრმა ნონა მამულაშვილმა.

დღეს, 7 მარტს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მინისტრის საათის ფორმატში მომდევნო სასესიო კვირას, 17 მარტს, დეპუტატები შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.