ოპოზიციური პარტიების ნაწილის ასაკრძალად საკონსტიტუციოში სარჩელი ოქტომბერში შევა - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პრემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძის თქმით, “ოქტომბერში შევა წესით შესაბამისი სარჩელი ყველა იმ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიაზრება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ქვეშ”.

“ეს არის დემოკრატიული პროცესი და ეს სარჩელი აუცილებლად შევა საკონსტიტუციო სასამართლოში“ – დასძინა მან.

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ “ქართული ოცნების” წარმომადგენები დიდი ხანია საუბრობენ, კობახიძეს დასახელებულიც აქვს თუ რომელ კონკრეტულ პარტიებს გულისმხობს ამაში.

“მე წინასწარ ჩემი ანალიზი მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ეს შედეგი გავრცელდეს კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან მოაზრებულ ოთხივე პარტიაზე: ეს არის ენმ, ახალი, ლელო და გახარიას პარტია. ყველა ეს პარტია დღეს ჩართულია ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში”. – თქვა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 28 მაისს.

მანამდე, 13 მაისს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა პარტიების აკრძალვის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი III მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილებები შევიდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებში.

დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება, აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის  მიხედვით, საკონსტიტუციოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია:

  • საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა
  • ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა
  • ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა
  • ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას
  • აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს
  • ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.

სასამართლომ გადაწყვეტილება სარჩელის შეტანიდან არაუმეტეს 9 თვეში უნდა მიიღოს, ხოლო საარჩევნო პერიოდში – 14 დღეში.

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების” საარჩევნო დაპირებაა.