ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ეკონომიკისა და განათლების საკითხებზე შეთანხმებას მოაწერა ხელი

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა – „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ერთიანი საქართველო“ და „ გირჩი“, დღეს ეკონომიკისა და განათლების საკითხებზე შეთანხმებას მოაწერა ხელი.

მათი თქმით, პარტიები თანხმდებიან, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემთხვევაში, „ეკონომიკის მძიმე კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, ქვეყნის მომავლის რწმენის დასაბრუნებლად საქართველოს მოქალაქეებსა და უცხოელ ინვესტორებში ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად ეკონომიკის და განათლების სფეროებში განახორციელებენ ექსტრაორდინალურ რეფორმებს”.

შეთანხმების ძირითადი მიმართულებებია:

ეკონომიკა – მოქალაქეებისათვის კერძო საკუთრებაში სახელმწიფო ქონების დაბრუნება;

1. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომლებიც ადამიანების ფაქტობრივ მფლობელობაშია და არავინ ედავება, დარეგისტრირდება მფლობელის საკუთრებად;

2. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ფაქტობრივად სასოფლო თემის ან სოფლის მოსახლეობის საერთო მფლობელობაშია და ამ ნაკვეთების მიმართ არ არსებობს სხვა ადამიანების პრეტენზია დარეგისტრირდება სოფლის/თემის საკუთრებად;

3. სახელმწიფო საკუთრება – საწარმოები, მიწა და წიაღისეული (გარდა განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევებისა), გადავა მოქალაქეების კერძო საკუთრებაში. ყველა მოქალაქეს ექნება ამ პროცესში მონაწილეობის თანაბარი უფლება.

მთავრობის და ბიუროკრატიის შემცირება

4. არაუგვიანეს 2024 წლის ბოლომდე მთავრობის ზომა შემცირდება მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-დე;

5. ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან 100 დღის ვადაში, შემუშავდება ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მექანიზმები.

განათლება

6. კერძო განათლება გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულაციებისგან;

7. საჯარო სკოლები მიიღებენ ფინანსურ და მმართველობით ავტონომიას.

პარტიებმა მსგავს შეთანხმებას ხელი სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემის შესახებაც მოაწერეს.