ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკრაინაში მიემგზავრებიან

პუბლიკა

„ლელოს“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „დროას“ წევრები უკრაინაში მიემგზავრებიან. ვიზიტი ერთობლივი არ არის, თუმცა, შესაძლოა, ზოგი შეხვედრა ერთადაც გამართონ.

„ლელოს“ დელეგაცია უკვე თბილისის აეროპორტში იმყოფება, სადაც პარტიის ახალმა პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა მედიას განუცხადა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის ფონზე მნიშვნელოვანია, უკრაინელ ხალხსა და პოლიტიკოსებს სოლიდარობა აჩვენონ.

„დღეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების მომავალი დიდწილად განისაზღვრება იმით, თუ რა მოხდება უკრაინაში, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სოლიდარობის ჩვენება, არამედ ერთობლივი სამოქმედო გეგმის დასახვა რამდენიმე მიმართულებით. კერძოდ, ერთი მიმართულება არის ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცება, ჩვენი მსჯელობის საგანი იქნება ახალი ფორმატის თანამშრომლობა, რომელიც დაანონსდა პოლონეთს, უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის და ამასთან, ჩვენი ინტერესების ლობირება ნატოში და ევროკავშირში და ასევე, კოორდინირებული პოზიციები, რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ შეკავების პოლიტიკის შემუშავებას“, − განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საღამოს გაემგზავრება კიევში „დროას“ დელეგაცია. ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ იქნება შეხვედრები რადაში, ჟურნალისტებთან, არასამთავრობოებსა და უკრაინაში მცხოვრებ ქართველებთან. „დროა“ რადაში უკრაინისა და საქართველოს იმ დროშასაც მიიტანს, რომელზეც მოქალაქეების მხარდამჭერი გზავნილებია დატანილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისიდან ხვალ გაფრინდება.

ცნობილია, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის რუსეთის ხსენების გარეშე მიღების შემდეგ ოპოზიცია უკრაინასთან ჩასატან ერთობლივ განცხადებას ამზადებს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ცნობით, უკრაინაში უკვე იმყოფება გიორგი ვაშაძე.