ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს - აპატურაი

პუბლიკა

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში ეხმაურება ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას და ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს.

მისივე თქმით, NATO საქართველოსგან მოელის, რომ შეინაჩუნოს ევროატლანტიკური დემოკრატიული სტანდარტები.

„ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. NATO მოელის საქართველოსგან, როგორც ახლო პარტნიორისა და ასპირანტისგან, შეინაჩუნოს ევროატლანტიკური დემოკრატიული სტანდარტები, რომლის მიღწევისა და შენარჩუნებისთვის მან ამდენი იშრომა. ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოების დიალოგის გზით გადაწყვეტას და მაპოლარიზებელი რიტორიკისა და ქმედებებისგან თავის არიდებას“, – წერს აპატურაი.

We are watching events in Georgia closely. The detention of the head of a major opposition party is of deep concern. …

Posted by James Appathurai Official on Tuesday, February 23, 2021


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა.

შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.