საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინაში საპარლამენტო დელეგაცია როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად გაემგზავრება.
„თქვენ იცით, ჩემი სურვილი იყო, პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ყოფილიყო მრავალპარტიული. გვქონდა გუშინ ჩვენ საუბარი ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებთან, შევთავაზეთ თანაბარი წარმომადგენლობა, თუმცა არ იყო თანხმობა და შემდეგ კვლავ შევთავაზეთ, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი იყოს.
უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა, თავის მხრივ არ გაზარდოს წარმომადგენლობა. ამ შემთხვევაში თანაბრობის პრინციპი დაირღვევა და ოპოზიციური უმრავლესობის დელეგაცია იქნება, თუმცა გამომდინარე ამ ვითარებიდან, ვფიქრობ, ეს შეთავაზება სწორი იყო.
ვთხოვ ოპოზიციის წარმომადგენლებს, დროულად მოგვაწოდონ კანდიდატები დელეგაციისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს საორგანიზაციო სამუშაო და ვიზიტი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში შედგება.