არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია, რომ პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციების მოთხოვნის დროს, კომიტეტის სხდომებზე მინისტრები არ ცხადდებიან.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციურმა ფრაქციებმა მინისტრები სხვადასხვა კომიტეტზე 8-ჯერ დაიბარეს, თუმცა არც ერთი მოსმენა არ გამართულა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ პარლამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლიდანაც ირკვევა, რომ დაბარების ორ შემთხვევაში (შინაგან საქმეთა და კულტურის) მინისტრის გამოუცხადებლობა აიხსნა იმით, რომ საკითხი „მინისტრის საათის“ ფორმატში, პლენარულ სხდომაზე განიხილეს ან დაიგეგმა განხილვა; სამ შემთხვევაში მინისტრის კომიტეტის სხდომაზე მოსმენა იმ არგუმენტით ვერ შედგა, რომ მინისტრის გამოცხადების თარიღზე კონსულტაციების მიმდინარეობის პერიოდში, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ გაუქმდა; არჩენილ სამ შემთხვევაში, პარლამენტის მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით იკვეთება, რომ დღემდე მიმდინარეობს მსჯელობა თარიღის დაზუსტებასთან დაკავშირებით.
„სოციალური სამარლიანობის ცენტრის“ ცნობით, X მოწვევის პარლამენტში 5 შემთხვევა იყო ისეთი, როცა თანამდებობის პირი კომიტეტის სხდომაზე გამოცხადდა. მათგან 4 შემთხვევაში კომიტეტის სხდომაზე გამოცხადების ინიციატორი თავად (იუსტიციის) მინისტრი იყო ერთ შემთხვევაში კი, ოფიციალური ინფორმაციით, თანამდებობის პირი (ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და სოცსააგენტოს ხელმძღვანელი) სხდომაზე გამოცხადდა „მოქალაქეების“ წერილების საფუძველზე.
„არსებული ინფორმაციები იმის თქმის საფუძველია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ პოლიტიკური ნება, რომ ოპოზიციური ფრაქციების მოთხოვნის საფუძველზე კომიტეტის სხდომაზე გამოცხადდნენ და პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხონ. ტექნიკურად, ისინი რეგლამენტს არ არღვევენ იმ შემთხვევაში, როცა თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავენ და ძირითადი წესის მიხედვით მომდევნო კომიტეტის სხდომაზე არ ცხადდებიან. თუმცა, ეს ჩანაწერი შესაძლოა ბოროტად იქნას გამოყენებული, გაიწელოს დრო და საკითხმა სულაც აქტუალობა დაკარგოს. გარდა ამისა, საპარლამენტო ჯგუფებთან პოლიტიკური ურთიერთობის ნების არარსებობის მანიშნებელია ფორმალური მიზეზით – ფრაქციის გაუქმების არგუმენტით – სხდომაზე არ გამოცხადება, როცა საკითხის ინიციატორები კომიტეტში კვლავ არიან წარმოდგენილები, საკითხი კი აქტუალურია.
ამასთანავე, არასწორი და დაუსაბუთებელია, როცა თანამდებობის პირების გამოუცხადებლობის მიზეზად სახელდება სხვა ფორმატში (კერძოდ, „მინისტრის საათი“) მისი მოსმენის შესაძლებლობა. კომიტეტის სხდომაზე დაბარება და „მინისტრის საათი“ განსხვავებული ფორმატებია როგორც ფორმით, ასევე შინაარსით და ისინი განსხვავებული მიზნების მიღწევას ემსახურებიან. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების დასწრების მიზნად კონკრეტული (ხშირად მეტად აქტუალური) საკითხის სათანადო და სიღრმისეული პოლიტიკური განსჯა უნდა მივიჩნიოთ, ხოლო „მინისტრის საათი“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას“ გულისხმობს.[3] ამდენად, ამ არგუმენტით კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობა, რეგლამენტის ნორმების არასწორი განმარტება, და მისი დარღვევაა.
ეფექტიანი საპარლამენტო მუშაობისთვის ამგვარი პრაქტიკები არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ ის ფაქტობრივად აუფასურებს საპარლამენტო კონტროლისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმებს. აუცილებელია, მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა არსებითად შეცვალონ ამ საკითხზე მათი მუშაობის ლოგიკა და დამოკიდებულება“, – აცხადებს ორგანიზაცია.