ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთის ხმების დაცვის მემორანდუმს ხელი მოაწერეს

პუბლიკა

დღეს 30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ერთმანეთის ხმების დაცვას ითვალისწინებს.

„ამ დოკუმენტის ხელმოწერა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ჩამოშორების მიზნით შემდგარი ფაქტია და მას არაფერი ემუქრება”.  – ამბობენ ევროპულ საქართველოში.

გთავაზობთ მემორანდუმის ტექსტს.

“საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია, ვთანხმდებით, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა ქვეყნისთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის უმძიმეს გამოწვევას წარმოადგენს.

ივანიშვილი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებს რათა საზოგადოებაში ნიჰილიზმი დანერგოს, მოახდინოს მთელი პოლიტიკური პროცესის დისკრედიტაცია, ამ პირობებში ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა არჩევნების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა და მხარდაჭერა გავაძლიეროთ. არჩევნების გზით, მშვიდობიანად ხელისუფლების ცვლილება, არის ის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას მისცემს საშუალებას მტკიცე ნაბიჯებით განაგრძოს სვლა დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ. სწორედ ასეთ საზოგადოებებშია ხელისუფლების ცვლა ნორმალური მოვლენა, რომელსაც მოქალაქეების დაყოფა და ურთიერთანგარიშსწორება არ მოჰყვება.

ივანიშვილის რეჟიმის ხელშია მობილიზებული როგორც ადმინისტრაციული ისე ფინანსური რესურსის დიდი ნაწილი, სახელმწიფო ინსტიტუტები კი საზოგადოების ნაცვლად მმართველი გუნდის ინტერესებს ემსახურება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი დემოკრატიული ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობა თითოეული ხმის დასაცავად და საარჩევნო მანიპულაციების გამოსარიცხად. ოპოზიციური პარტიები კოორდინირებულად ვიმუშავებთ ყველა ოლქში, მათ შორის იქაც, სადაც ერთმანეთს კონკურენტი კანდიდატები დავუყენეთ. პარტიების ამოცანა არა ცალკეული პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველთა ხმების დაცვა, არამედ მთელი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და თითოეული მოქალაქის არჩევანის დაცვა იქნება.
ამ ამოცანის მისაღწევად ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას.

ქვეყნის შიგნით, საარჩევნო პროცესისადმი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერასა და ხმების დაცვის მიზნით კოორდინაციასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები ვთანხმდებით, რომ ერთობლივად, შეთანხმებულად ვიმუშავებთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რათა არჩევნების ლეგიტიმურობის გარშემო არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის დამარცხებით, საქართველოში საარჩევნო მანიპულაციების მავნე ტრადიციას წერტილი უნდა დაესვას.”