ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომ არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს

პუბლიკა

„ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, რომელთაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ დე იურე და დე ფაქტო არ შევიდეთ ამ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში. ჩვენ არ მივიჩნევთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, რადგან ეს არის უაკნონო ქმედებების შედეგად არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას“, – 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმის ამ ტექსტს მოაწერეს ხელი და ოფიციალურად გააფორმეს თავიანთი პოზიცია, რომ არ ცნობენ არჩევნების ლეგიტიმაციას და თმობენ აღებულ მანდატებს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მემორანდუმს ხელს არა მხოლოდ ის პარტიები აწერენ, რომლებმაც მანდატები მიიღეს, არამედ არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობს მონაწილე არც ერთი ოპოზიციური პარტია.

„ყველა ხელმომწერი პარტია და არა მხოლოდ ისინი, ვინც ბარიერი გადალახა, არამედ, მთელი ოპოზიცია და ყველა ოპოზიციური პარტია თანხმდება იმაზე, რომ არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას და ამ არჩევნების შედეგად ვერ შეიქმნება ლეგიტიმური პარლამენტი.

მეორე – ბარიერგადალახული პარტიები, ვისაც ადგილი ეკუთვნის პარლამენტში, თანხმდებიან, რომ  უარს ამბობენ საკუთარ მანდატებზე და შესაბამისად უარს ამბობენ არალეგიტიმურ პარლამენტში მონაწილეობაზე.

მესამე – მთელი ოპოზიციის მოთხოვნაა, ქვეყანაში გაიმართოს ახალი არჩევნები, სადაც დაცული იქნება ძირითადი დემოკრატიული სტანდარტები.

ასეთი ერთიანობა ოპოზიციისა საქართველოში აქამდე არასდროს არ ყოფილა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ გაყალბებული არჩევნების ფონზე „ქართული ოცნება“ არის სრულიად მარტო და მას უპირისპირდება მთელი ოპოზიციური სპექტრი და ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც საკუთარი ნების წინააღმდეგ, გადაკეთებული ოქმებით, ზეწოლით, გაყალბით მიაცემინეს ხმა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

  1. „ლელო“ – ბადრი ჯაფარიძე;
  2. „სტრატეგია აღმაშენებელი“ – გიორგი ვაშაძე;
  3. „პატრიოტთა ალიანსი“ უერთდება მემორნადუმს;
  4. „გირჩი“ – ზურაბ ჯაფარიძე;
  5. „მოქალაქეები“ – ლევან იოსელიანი;
  6. „ლეიბორისტები“ – შალვა ნათელაშვილი;
  7. „ნაციონალური მოძრაობა“ – ნიკა მელია;
  8. „რესპუბლიკელები“ – ხათუნა სამნიძე;
  9. „სახელმწიფო ხალხისთვის“ – ნატო ჩხეიძე;
  10. „ევროპელი დემოკრატები“ – პაატა დავითაია;
  11. „კანონი და სამართალი“ – თაკო ჩარკვიანი;
  12. „ერთიანი საქართველო“ – ნინო ბურჯანაძე;
  13. „ტრიბუნა“ – დავით ჭიჭინაძე;
  14. „გამარჯვებული საქართველო“ – ირაკლი ოქრუაშვილი;
  15. „სამართლიანობისთვის“ – ეკა ბესელია;
  16. „თავისუფალი დემოკრატები“ – თამარ კეკენაძე;
  17. „თავისუფლება“;
  18.  „თავისუფალი საქართველო“ – გოგი წულაია;
  19. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – გოჩა ჯოჯუა;
  20. „სამოქალაქო ალიანსი“ – ზურაბ ხარატიშვილი და სხვა.