ოპოზიცური პარტიები „ქართულ ქარტიის" შესახებ პრეზიდენტის იდეას იწონებენ 

პუბლიკა

ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის პრეზიდენტის „ქართული ქარტია“ მისაღებია.

სალომე ზურაბიშვილის იდეა ამ დროისთვის მოიწონეს „ახალის”, „ლელოს”, „ევროპული საქართველოს”, ენმ-ის, „რესპუბლიკური პარტიის”, „გირჩი-მეტი თავისუფლების” „დროას” და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა.

სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს, პოლიკუტირ პარტიებს „ქართული ქარტიის” ხელმოწერა და მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.

ქარტია, პრეზიდენტის თქმით, გულისხმობს თანხმობას იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია დანიშავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და მას ჩაატარებს თავისუფალ გარემოში.

ახლა კი, მისი თქმით, საჭიროა ერთობა, ვინაიდან ის, რაც ოქტომბერში გველოდება, იქნება არა ჩვეულებრივი არჩევნები, არამედ – სახალხო რეფერენდუმი, სადაც ხალხი გადაწყვეტს, ირჩევს თუ არა ევროპას.სრატეგია ა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიესალმება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივას, რომლის მიზანსაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გადასადგმელი ნაბიჯებისა და რეფორმების შესახებ პროდასავლური პარტიების საერთო ხედვის ჩამოყალიბება წარმოადგენს. შესაბამისად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ “ქართულ ქარტიას” – ნათქვანია ენმ-ის განცხადებაში.

„ძალიან მნიშვნელოვანი ქარტიაა, ქვეყნისთვის საჭირო, მნიშვნელოვანი ვალდებულებია, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის აუცილებელი ვალდებულებია. ამიტომ, „ლელო“, რა თქმა უნდა, შეუერთდება ამ ქარტიას. მიგვაჩნია, რომ მისი შესრულება ქვეყანას ევროკავშირში აუცილებლად გააწევრიანებს“. – განაცხადა „ლელოს” ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

“ხელს მოვაწერთ. მე ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებად, მკაფიოდ არის ნათქვამი. შინაარსზე მნიშვნელოვანი არის პრინციპი, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი ხდება გრავიტაციის ცენტრი, რომლის ირგვლივაც მთავარი მიზნისთვის ბრძოლა გაერთიანდება, ეს არის საქართველოს დასავლური მომავალი”. – თქვა „ახალის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

„პრეზიდენტის სიტყვას, მის სულისკვეთებას, ყველა გზავნილს ვაფასებ ძალიან დადებითად. ეს არის ის გზავნილი, რაც ჩემი აზრით, სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, დემონსტრირება იმისა, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ იმ ნაბიჯებზე შეჯერება, რომლებიც უნდა გადავდგათ, რომ უფსკრულის პირიდან, სანამდეც ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანა მიიყვანა, დავშორდეთ და ისევ სწორ გზაზე დავდგეთ. ჩემი პოზიციაა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ცალსახად უნდა შევუერთდეთ ამ გზავნილებს”. – თქვა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

„პარტიები „გირჩი-მეტი თავისუფლება” და „დროა” მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის აუცილებელი რეფორმების ერთიან ხედვაზე პარტიების შეთანხმებას და ხელს ვაწერთ “ქართულ ქარტიას”. – ნათქვამია „გირჩი-მეტი თავისუფლებისა” და „დროას” ერთობლივ განცხადებაში.

„მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის მტკიცე მხარდაჭერას და პროდასავლური პარტიების ხედვის ჩამოყალიბებას და წარდგენას. აქედან გამომდინარე „სტრატეგია აღმაშენებელი“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციირებულ „ქართულ ქარტიას“ უერთდება“, – ნათქვამია  „სტრატეგია აღმაშენებელის“ განცხადებაში.

„მოგეხსენებათ, რომ 4 მარტს პრეზიდენტს წარვუდგინე სასამართლო რეფორმის 6 საფეხურიანი გეგმა, რომელიც 2018 წლიდან მაქვს გამოქვეყნებული. მივესალმები, რომ პრეზიდენტის ხედვაში ყველა ეს ნაბიჯი აისახა. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ ჩემი კომპეტენციით, კავშირებითა და გამოცდილებით რომ ყველას ეს რეფორმა რეალობა გახდეს”. – წერს „მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე.

„ანტიდემოკრატიული და პრორუსული ხელისუფლების ცვლილებისთვის მთავარი ამოცანაა პოლიტიკური კონსოლიდაცია და ამ ვითარებაში პრეზიდენტის ინიციატივა დროული და მისაღებია“. – თქვა „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” წარმომადგენელმა, ბაჩუკი ქარდავამ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ქარტიას შევუერთდებით”. – თქვა „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.