საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის თქმით, ბრიუსელში მას არ დარჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველო დიფერენცირებულია უკრაინისა და მოლდოვისგან. მისი თქმით, სამივე ქვეყანა გაფართოების პოლიტიკის ნაწილია და ამ მხრივ ოპტიმისტურადაა განწყობილი. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის შემდეგ ისაუბრა.
„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მხოლოდ ევროპული პერსპექტივა აქვს მიღებული, არ მქონია განწყობა, რომ სამეული დიფერენცირებულია.
ჩვენი კოლეგების განცდაა, რომ საქართველო ამის ნაწილია, სამეული აგრძელებს განვითარებას, სამეული არის პერსპექტიული ქვეყნების გაერთიანება, რომლებმაც მომავალში ახალი ნაბიჯები უნდა გადადგან ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
ჩვენ შემთხვევაში, მქონდა შესაძლებლობა, მესაუბრა ჩვენ მიერ გაწეულ ძალისხმევაზე, რომელიც შეეხება 12 პუნქტის შესრულებას. იმ ხელშესახებ შედეგებზე, რომლებიც უკვე გვაქვს.
მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო ნაწილია გაფართოების პოლიტიკის. ჩვენ სხვა სივრცეში, სხვა განზომილებაში არ ვართ და ეს განწყობა არის ცალსახა, რადგან საქართველო არ არის დიფერენცირებული, საქართველო გაფართოების ნაწილია.
მოხარული ვართ, რომ სწორედ ეს განწყობა მივიღეთ ჩვენი პარტნიორებისგან. საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არიან ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც ისწრაფვიან, გადადგან შემდგომი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ამასთან დარჩიაშვილის თქმით, მინისტერიალზე გამოითქვა მოსაზრებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მომავალზე და საქართველოს პოზიციაა, რომ ეს ფორმატი შენარჩუნდეს, რადგან მაგალითად, საქართველომ ბევრ პოზიტიურ შედეგს ამ მექანიზმის დამსახურებით მიაღწია.
„ჩვენი პოზიცია არის ძალიან პოზიტიური, თუკი იქნება საერთო ხედვა ამ პლატფორმის გაძლიერებისა და ახალი შესაძლებლობის შემოტანის, ჩვენ, საქართველო ვიქნებით ამის ნაწილი, თუმცა აქ ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ გვაქვს ორმხრივი მთავარი ფორმატი ევროკავშირთან, რომელიც არის ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მთავარი ხაზი.
ამის პარალელურად, ნებისმიერი პლატფორმა, იქნება ეს აღმოსავლეთ პარტნიორობა, თუ ნებისმიერი სხვა ახალი მექანიზმი, რომელიც ჩვენ გაგვაძლიერებს და დაგვაჩქარებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, არის ჩვენთვის მისასალმებელი და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა შავ ზღვაში ელექტროგადამცემი ხაზის ჩაშვებაზეც, რომელსაც ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის განცხადებით ევროკავშირი 2.3 მილიარდი ევროთი დააფინანსებს. დარჩიაშვილის თქმით, ასეთი პროექტები ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების გარდა, ფიზიკურ დაახლოებასაც უწყობს ხელს.
„სწორედ ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი საფლაგმანო პროექტი, რომ მომავალში გავაგრძელოთ ევროკავშირთან ფიზიკური პროექტების განხორციელება. ჩვენი პარტნიორების განწყობა ევროკავშირიდან იყო, რომ მსგავსი პროექტები მომავალშიც იქნება ძალიან მკაფიოდ მხარდაჭერილი“, – თქვა დარჩიაშვილმა.