ოქმებში სავარაუდო უზუსტობები, დაშინებისა და შევიწროების სავარაუდო შემთხვევები - NDI არჩევნებს აფასებს

პუბლიკა

“ოქმებში სავარაუდო უზუსტობებმა, ასევე დაშინებისა და შევიწროების სავარაუდო შემთხვევებმა კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესების კუთხით მიღწეული წინსვლა გადაფარეს” – ვკითხულობთ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ანგარიშში.

“პირველი ტურის შედეგების შეჯამებისა და 21 ნოემბერს დაგეგმილი მეორე ტურისთვის მზადების ფონზე, არჩევნების პროცესში გაჩენილი ეჭვების საპასუხოდ, ასევე საარჩევნო პროცესისა და საბოლოო შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობის გასაზრდელად, მთავრობის ლიდერებსა და საარჩევნო ადმინისტრაციას საგანგებო ნაბიჯების გადადგმა დასჭირდებათ.” – განაცხადა ნიუ ჯერსის ყოფილმა გუბერნატორმა და აშშ-ის გარემოსდაცვითი სააგენტოს ხელმძღვანელმა,
კრისტინ ტოდ უიტმანმა, რომელიც NDI-ის დამკვირვებელთა ჯგუფის წევრი იყო.

ანგარიშის მიხედვით, არჩევნების დღეს სანდო სადამკვირვებლო ჯგუფები, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო ოქმებში არსებულ უზუსტობებსა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევებზე საუბრობდნენ. მათ ყურადღება გაამახვილეს საარჩევნო უბნების გარეთ ფიზიკური დაპირისპირების, ჟურნალისტებისა და დამკვირველებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის, მოსყიდვის და გაყალბების სავარაუდო შემთხვევებზე, ასევე საარჩევნო უბნების გარეთ პარტიების კოორდინატორებისა და აქტვისტების ყოფნაზე, რაც მათი შეფასებით დამაშინებელ გარემოს ქმნიდა.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საარჩევნო კამპანია ღია და პლურალისტური იყო. თუმცა, ამავე პერიოდში, ძალადობისა და დაშინების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ხშირად ისმოდა ბრალდებები სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების შესახებ. ასევე მნიშვნელოვნად მაღალი იყო ამომრჩევლთა მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობები.

“ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და მუქარის შემცველი არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა”. – ვკითხულობთ ანგარიშში.

“შემდგომი რეფორმების გარეშე საკვანძო დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის შემცირების ტენდენცია კვლავ გაგრძელდება.” – განაცხადა NDI-ის პრეზიდენტმა ელჩმა დერეკ მიტჩელმა. – “მონაწილე მხარეებმა პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინონ და საარჩევნო პროცესის სამართლიანობა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ.”

NDI-ის ანგარიში საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად 35 რეკომენდაციას. მეორე ტურების წინ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში მონაწილე მხარეებმა ყურადღება გაამახვილონ შემდეგზე:

 პასუხისმგებელმა მხარეებმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა საჩივრები სწრაფად და სათანადოდ იქნას განხილული, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ უბნებზე ხმების ხელახალი გადათვლა ან განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნა მოხდეს. მათ, ასევე, უნდა გამოიძიონ ძალადობისა თუ დაშინების ბრალდებები და თუ საჭირო გახდა, კანონის ფარგლებში პასუხისგებაში მისცენ შესაბამისი პირები. გადაწყვეტილების მიმღებმა მხარეებმა ყველა ზომას უნდა მიმართონ, რათა მომავალში მსგავსი პრაქტიკა არ განმეორდეს.

 პარტიებმა და კანდიდატებმა საარჩევნო დარღვევების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ზეწოლისა და დაშინების შესახებ ბრალდებების გასამყარებლად სათანადო მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ და ამ უზუსტობების აღმოსაფხვრელად არსებული ბერკეტები გამოიყენონ.

 მონაწილე მხარეებმა პატივი უნდა სცენ და დაიცვან მიუკერძოებელი დამოუკიდებელი დამკვირვებლების უფლებები, რათა მათ საქმიანობა ზეწოლისა და დაშინების გარეშე გააგრძელონ.

 ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა განამტკიცოს საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ პროცედურების ზედმიწევნით ზუსტად და თანმიმდევრულად აღსრულება, მათ შორის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: კომისიის წევრების პასუხისმგებლობების გადანაწილება, ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველყოფა, მარკირების პროცედურების აღსრულება და ოქმების შევსება.

 მონაწილე მხარეებმა ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ მშვიდობიან გარემოს. პოლიტიკურმა ლიდერებმა და კანდიდატებმა საკუთარი საქმიანობა კვლავაც ქცევის კოდექსის მიხედვით უნდა წარმართონ.

 ამომრჩეველებისთვის დაბალანსებული და სანდო ინფორმაციის მისაწოდებლად, პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა სხვადასხვა დებატებსა და პოლიტიკურ გადაცემებში უნდა მიიღონ მონაწილეობა და საზოგადოებას საკუთარი პროგრამები და გეგმები წარუდგინონ.

 უმნიშვნელოვანესია, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ პარტიებმა და კანდიდატებმა ამომრჩეველთან კომუნიკაციის დროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნორმები დაიცვან.

NDI-ის შეფასებებს გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობს ხარვეზებზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი  ისაა, რომ NDI-იმ პარტიებს მეორე ტურებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.