ოქრიაშვილის ინფორმაციით, დმანისში ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს

პუბლიკა

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერის, კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს.

„სოფელ განთიადში წინასაარჩევნო შეხვედრის დროს თავს დაესხნენ და დანით დაჭრეს ოპოზიციის აქტივისტები. თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს გვესხმოდნენ მე და ჩემს მომხრეებს და ისინი უკვე არიან ნასამართლევი. ეს ხალხია: ზურაბ ოკმელაშვილი, „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი. ოპოზიციის ორივე მომხრე უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში. არსებობს ფაქტების დამადასტურებელი ვიდეო-ჩანაწერები. მივმართავ შესაბამის უწყებებს – ველით დამნაშავეების დაკავებას და უსწრაფეს რეაგირებას“, – აცხადებს კახა ოქრიაშვილი „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.

„პუბლიკა“ შსს-ს დაუკავშირდა, უწყებაში ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით არ საუბრობენ, პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.