საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI) პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალურ ანგარიშს აქვეყნებს. მათი ცნობით, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 742 230 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან 370 000 ლარი (50%) მმართველ პარტიაზე მოდიოდა, მეორე ადგილზეა „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტ-ინფო“) 158,098 ლარით, ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 151 337 ლარით.
ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ 370,000 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო. დონორთა უმრავლესობა მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ მსხვილ ბიზნესჯგუფებს წარმოადგენს. TI-ის ანგარიშში მიმიხილულია დეტალურად შემომწირველების ბიზნეს ინტერესები და ხელისუფლებასთან შესაძლო კავშირები.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ:
- საანგარიშო პერიოდში მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჯამურად 102 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს, წარსულში კი სულ 223 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული.
- ამავე პერიოდში მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 51 000 ლარის ღირებულების პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს, წარსულში კი მათ სულ 19 მილიონი ლარის პირდაპირი კონტრაქტი აქვთ მიღებული.
- საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არცერთი პარტიის ან შემომწირველის მიმართ სანქცია არ გამოუყენებია.