ოქტომბრიდან მაღალმთიანი რაიონებისა და სოფლების დაახლოებით 332 სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში აღდგება - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაახლოებით 332 სკოლაში, რომლებიც მაღალმთიან რაიონებსა და სოფლებში მდებარეობს, სწავლა ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში განახლდება, რადგან შეისწავლეს ამ სკოლებში არსებული ეპიდვითარება და იქ ინფიცირების დაბალი მაჩვენებელია.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან და ეს უკვე გაცხადდა, რომ ოქტომბრიდან დაიწყება დასწრებით სწავლა, დაახლოებით 332 არის დათვლილი, მაღალმთიანი და სოფლის სკოლები. ამ სკოლებში ჩვენ უკვე ვსწავლობთ ეპისდსიტუაციას, ჩვენ შევისწავლეთ ამ სკოლებში, სკოლის რამდენ მოსწავლეს, რამდენ მასწავლებელს ჰქონდა გადატანილი ინფექცია, რამდენი არის აცრილი, ეს ინფორმაციები უკვე ჩვენ გვაქვს და ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, რათა ჩამოვყალიბდეთ, რომ ამ 332 სკოლაში აუცილებლად სწავლა აღდგეს, იმიტომ, რომ იქ საკმაოდ დაბალი ინფიცირების მაჩვენებელია.

დანარჩენზედაავადებათა კონტროლის ცენტრმა ჩამოაყალიბა უსაფრთხო სკოლებისა და უსაფრთხო უნივერსიტეტების კონცეფცია. ამ დღეებში ეს კონცეფცია ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროსთან ერთად იქნება განხილული და იქ ჩამოყალიბდება კრიტერიუმები თუ სხვა სკოლებში, იმავე მუნიციპალიტეტების ცენტრალურ სკოლებში და დიდ ქალაქებში, რა მიმდევრობით და როგორ უნდა აღდგეს სწავლა. ამაზე ჩვენ გვაქვს ჩვენი შეხედულებები, შევჯერდებით განათლების სამინისტროსთან, შემდეგ ამას განიხილავთ და დაამტკიცებს საკოორდინაციო საბჭო“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საკლასო ოთახში სწავლის განახლების თაობაზე ასევე ისაუბრა დღევანდელ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. ის  არ გამორიცხავს, რომ 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდეს.

რაც შეეხება უნივერსიტეტებს, გაბუნიას თქმით, მაღალი არ არის სტუდენტების ვაქცინაციის პროცესი, რის გამოც მათ აცრის დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებს.

„ვფიქრობთ, რომ კეთილსაიმედოა ტენდენცია – კლების ტემპი, ასევე ვაქცინაციის პროცესი. პედაგოგებში არის კარგი მაჩვენებლები, ზოგიერთ სკოლაში ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა, თითქმის 60%-ს აღწევს. ეს პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი შექმნის კარგ პირობას იმისათვის, რომ 4 ოქტომბრიდან სწავლა სასკოლო გარემოში დაიწყოს. კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყების პროცესი. სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პედაგოგ-მასწავლებლებთან ერთად საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დასაწყებად გააქტიურდნენ სტუდენტები და რაც შეიძლება დროულად ჩაიტარონ აცრა“, – აცხადებს გაბუნია.