ოქტომბრიდან ქიმიოთერაპიის, მეტაბოლური და ბარიატრიული მომსახურების სტანდარტები ძალაში შევა - მინისტრი

პუბლიკა

„2023 წლის ოქტომბრიდან, ძალაში შევა ქიმიოთერაპიის, ასევე – მეტაბოლური და ბარიატრიული მომსახურების სტანდარტები“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

მისი თქმით, ბარიატრიული ქირურგიის რეგულირების მექანიზმის შემოღების საჭიროება მისი სპეციფიკიდან გამომდინარე გახდა საჭირო.

„სხვადასხვა ქვეყნების სტანდარტების მიხედვით, მკაცრად განვსაზღვრეთ წესი, თუ როდის შეიძლება ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება. მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ მძიმე ქირურგიული ჩარევაა. თუ პაციენტს აქვს შესაბამისი წონის ინდექსი, თანმხლები დაავადებები და ა.შ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის თქმით, ონკოლოგიური პაციენტებისთვის არსებულ პროგრამაზე ყოველწლიურად 150 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება და მნიშვნელოვანია, ეს ფინანსები „სწორად მივიდეს პაციენტებამდე“.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, სექტემბრიდან, ძალაში შედის რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურებების სანებართვო პირობები, რომელიც ქვეყანაში, ამ დრომდე არ არსებობდა და პირველად ინერგება.

„ცვლილების მიხედვით, მკაცრად არის განსაზღვრული, რა აღჭურვილობა უნდა ჰქონდეს კლინიკას. ასევე – ოთახის მოწყობის წესი, თითოეულ პაციენტსა და საწოლზე ექიმების, ექთნების, თუ რეანიმატოლოგების რაოდენობა. ეს სტანდარტები, ერთხელ და სამუდამოდ, მოაწესრიგებს რეანიმაციულ და ქირურგიულ მომსახურებას. შესაძლებლობას მოგვცემს, პაციენტი იმართოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ნოზოკომიური ინფექციების გავრცელების რისკი“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის ეს განცხადება ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.