საქართველოს სახალხო დამცველმა და ევროპის საბჭომ ერთობლივი ონლაინკონფერენცია, რომელზეც აპარატის მიერ ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების შესახებ, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინეს.
კვლევის ავტორების თქმით, ეს არის პირველი ანგარიში საქართველოში, რომელმაც სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი პროცედურები სტამბოლის კონვენციისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების ჭრილში შეაფასა.
კვლევა მიმოიხილავს 2017 წელს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდგომ, სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე საკანონმდებლო და მართლმსაჯულების განხორციელების ბარიერებსა და წარმოადგენს რეკომენდაციებს ამგვარ დანაშაულებზე კანონმდებლობის, პოლიტიკისა და პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.
კვლევის ძირითადი მიგნებების თანახმად, საქართველოში სექსუალური ძალადობის ფაქტებზე მიმართვიანობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ დაბალია და მართლმსაჯულების აღსრულება მხოლოდ მცირე რაოდენობის შემთხვევებში ხდება.
ანგარიშის მიხედვით, საკვლევი 2-წლიანი პერიოდის განმავლობაში (2017 წლის ივნისიდან 2019 წლის მაისამდე), სექსუალური ძალადობის შესახებ პოლიციაში 361 შეტყობინება შევიდა, საიდანაც გამოძიება 251 საქმეზე დაიწყო და მხოლოდ 26 განაჩენი დადგა. აქედან სექსუალური ძალადობის ჩადენისათვის დამნაშავედ 20 პირი ცნეს, 6 კი სექსუალური ძალადობის ნაწილში გამართლდა. არც ერთ საქმეში, მართლმსაჯულების სისტემამ არ აღიარა სექსუალური ძალადობა, როგორც ქალთა დისკრიმინაციის ფორმა.
ამასთან, კვლევაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სექსუალური ძალადობის დანაშაულის შესახებ დეფინიციები (137-139 მუხლები) არ ემყარება მსხვერპლის თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანხმობის არარსებობას, როგორც ამას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები მოითხოვს.
კვლევის ავტორების შეფასებით, საკმაოდ შემზღუდველი და ხისტია სექსუალური ძალადობის შემთხვევებში მტკიცებულებითი სტანდარტი პრაქტიკაში, დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა არ ხდება, თუ დაზარალებულის ჩვენება არ არის გამყარებული სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებებით. ამგვარი სტანდარტები ეწინაღმდეგება ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტების მოთხოვნებს და დამნაშავეთა დაუსჯელობას იწვევს.
„ქალი სასამართლო ექსპერტების ნაკლებობა ხშირად აფერხებს დაზარალებულისთვის ექსპერტიზის ჩატარებას. ექსპერტიზის დასკვნის არარსებობა პრაქტიკაში უმეტეს შემთხვევაში ნიშნავს, რომ გამოძიება არ გაგრძელდება და დამნაშავე პასუხს არ აგებს. ხოლო სისხლის სამართლის პროცესის დროს, მსხვერპლს ხშირად უსვამენ დამამცირებელ შეკითხვებს, რაც იწვევს მათი ღირსების შელახვას, სანდოობის ეჭქვეშ დაყენებას და შესაძლოა მათი მეორეული ვიქტიმიზაციაც განაპირობოს“, – ნათქვამი კვლევაში.
კვლევა იურისტმა თამარ დეკანოსიძემ წარმოადგინა. ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრეს შს მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა, გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჭეხანმა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა ელენე ღვინჯილიამ. სექსუალური ძალადობის საქმეები და თანხმობაზე დაფუძნებული სექსუალური ძალადობის კანონმდებლობა დიდი ბრიტანეთის მაგალითზე მიმოიხილა ევროპის საბჭოს ექსპერტმა ჯოანა ევანსმა. ონლაინკონფერენციას მოდერაცია საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ გაუწია.