უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი კიევს ეწვევა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times ავრცელებს. 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ეს უკრაინაში ორბანის პირველი ვიზიტია.
მედია წერს, რომ მანამდე ბრიუსელის სამიტზე ორბანსა და ზელენსკის შორის პირადი საუბარი შედგა. კიევში შეხვედრის შემდეგ ისინი განცხადებას გაავრცელებენ, თუმცა, FT-ის ინფორმაციით, არ იქნება პრესკონფერენცია.
პირველი ივლისს უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. წევრი სახელმწიფოები როტაციით ითავსებენ ამ ფუნქციას – უნგრეთი EU-ის თავმჯდომარე ქვეყანა წლის ბოლომდე იქნება. EU-ის საბჭოს თავმჯდომარეობაზე უნგრეთის სლოგანია „აქციე ევროპა ისევ დიდებულად” და ემთხვევა დონალდ ტრამპის 2016 საპრეზიდენტო სლოგანს ამერიკის შესახებ.
თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობაში შედის დღის წესრიგის შედგენა, EU-ის წევრი სახელმწიფოების შეხვედრების ხელმძღვანელობა, ამასთან, ევროპარლამენტთან კანონმდებლობების ირგვლივ შეთანხმებაზე შუამავლობა.
ვიქტორ ორბანი უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის წინააღმდეგობით გამოირჩევა. ის თავის დროზე ბლოკავდა უკრაინისთვის 50-მილიარდიანი ევროს დახმარების გამოყოფას, ასევე, ეწინააღმდეგებოდა გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებას.
საბოლოოდ, ფინანსურ მხარდაჭერაზე უნგრეთმა თავისი წინააღმდეგობა მას შემდეგ მოხსნა, რაც ევროკომისიამ უნგრეთს 10,2 მილიარდ ევროს დახმარება განუბლოკა. დახმარებაზე წვდომა ევროკომისიამ უნგრეთს ქვეყანაში კანონის უზენაესობის კუთხით სისტემური პრობლემების არსებობის გამო შეუზღუდა.