ორბანი მოსკოვში EU-ს არ წარმოადგენს - ბორელი

პუბლიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ორბანი იქ EU-ს არ წარმოადგენს. მისი თქმით, ევროკავშირს არ გაუცია მანდატი ორბანის მოსკოვში ვიზიტის შესახებ.

„პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტი, ექსკლუზიურად, რუსეთსა და უნგრეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ჩარჩოს ფარგლებში ხდება. უნგრეთი ახლა როტაციულად საბჭოს თავმჯდომარეობას ითავსებს 2024 წლის 31 დეკემბრამდე. ეს არ გულისხმობს კავშირის წარმომადგენლობას – მასზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს სამთავრობო დონეზე და უმაღლეს წარმომადგენელს მინისტრების დონეზე.

პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით ევროპული საბჭოსგან არავითარი მანდატი არ გაუცია. რუსეთის აგრესიულ ომზე უკრაინის წინააღმდეგ ევროკავშირის პოზიცია ასახულია ევროპული საბჭოს არაერთ დასკვნაში. ეს პოზიცია გამორიცხავს ყოველგვარ კავშირს ევროკავშირსა და პრეზიდენტს პუტინს შორის. შესაბამისად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს არავითარი ფორმით არ წარმოადგენს”, – განაცხადა ბორელმა.

ინფორმაციას გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც და დაწერა, რომ პუტინს შერიგების პოლიტიკა არ შეაჩერებს. ის აღნიშნავს, რომ ამის ნაცვლად საჭიროა ერთიანობა, რათა გზა გაეხსნას უკრაინაში ხანგრძლივ მშიდობას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც ამბობს, რომ ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარეობა ამა თუ იმ ქვეყანას ევროკავშირის სახელით რუსეთთან ჩართულობის მანდატს ვერ მისცემს.

„რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს. უნგრეთი EU-ის თავმჯდომარე ქვეყანა მომდევნო 6 თვის განმავლობაში იქნება. პუტინთან ორბანის შეხვედრა სავარაუდოდ დღეს, 5 ივლისს გაიმართება.

მანამდევიქტორ ორბანი კიევში იმყოფებოდა, 2 დღით. უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზა ომის დასრულება რუსეთის პირობებით – რუსეთთან ომის არსებულ ხაზზე, ანუ რუსეთის შემადგენლობაში დარჩეს უკრაინის ის ტერიტორია, რომელსაც ახლა რუსეთი აკონტროლებს. უკრაინისთვის ეს წინადადება მიუღებელია.