ორბანი საქართველოს კანდიდატის სტატუსზე: ყველაფერი კარგადაა, მოგვარებულია

პუბლიკა

ბრიუსელში ევროკომისიის სამიტი იწყება. სამიტი 14-15 დეკემბერს ტარდება. 15 დეკემბერს გამოცხადდება, მიენიჭება თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ამასთან, დაიწყება თუ არა წევრობის მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან.

ევროპული ქვეყნების ლიდერებმა შეკრება უკვე დაიწყეს და სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარებიც გააკეთეს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრებას ეწინააღმდეგება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე თქვა:

„ყველაფერი კარგადაა, მოგვარებულია (it’s okay, it’s done)”. 

კითხვაზე, რას ნიშნავს ეს, ორბანმა უპასუხა – „თქვენ ყველას უყვარხართ”.  

ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინამ 7  პირობიდან 3 არ შეასრულა, რის გამოც ევროკავშირში მისი გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მიზეზი არ არსებობს.

კომენტარი გააკეთა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ. ის მხარს უჭერს როგორც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, ისე უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყებას. 

„ჩვენმა მეგობარმა საქართველომ ბევრი გააკეთა რეფორმების გასატარებლად. რა თქმა უნდა, ყოველთვის არის საკითხები, რომლებიც შეიძლება მომავალში განვიხილოთ, მაგრამ ახლა არის პოლიტიკური ვითარება, როცა ამ გადაწყვეტილების მიღება შეგვიძლია. გადაწყვეტილება არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით, არამედ – საქართველოსა და ბოსნიასთანაც. ჩემმა ქვეყანამ დიდი სარგებელი მიიღო ევროკავშირის წევრობით. ეკონომიკა იზრდება, ინოვაციები, მწვანე ინვესტიციები და სხვა. გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი. ჩემი კითხვაა: რატომ არ იმსახურებენ ევროკავშირს მიღმა მყოფი ადამიანები ამ ყველაფერს?”

ამავე აზრზეა ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი. მედიასთან მან თქვა, რომ ორბანის გადარწმუნება, შეცვალოს პოზიცია, ჯერჯერობით უშედეგოდ სცადეს, თუმცა, ამაზე მუშაობა გაგრძელდება. „ამაზე ხანგრძლივი დისკუსია გველოდება”. – ამბობს კაია კალასი.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე უნდა იმსჯელონ და მიაღწიონ შეთანხმებას უკრაინის შემდგომი დაფინანსების საკითხზე.

რაც შეეხება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს – მისი განცხადებით, „ძალიან მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მიღება”.

„არის გაფართოების საკითხი, დაფინანსების საკითხი, ასევე ომი უკრაინაში და ღაზაში არსებული სიტუაცია. ვფიქრობ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა რაც შეიძლება უნდა გავაძლიეროთ, გაფართოების პერსპექტივიდან გამომდინარე, ასევე სამხედრო და ფინანსური დახმარების თვალსაზრისით. უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს, რადგან ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ეს არის ომი ასევე ჩვენი უსაფრთხოების წინააღმდეგ. ჩვენი დისკუსიების დიდი ნაწილი გაფართოების საკითხს დაეთმობა. გაფართოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი, ეს არის უფრო ძლიერი სტაბილურობის უნარი, რაც ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ბალკანეთსა და კავკასიაში. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მიღება”. – თქვა ჯოზეფ ბორელმა.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიამ რეკომენდაცია 2022 წლის 8 ნოემბერს გასცა.