ვიქტორ ორბანი შარლ მიშელს სწერს, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაწყვეტილების მიღებას არ უნდა მოელოდნენ. რადგან შეხვედრის პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დონე არ არის დამაკმაყოფილებელი. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
„ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს ამ დასკვნას, მასზე ყოველგვარი დისკუსიის შესაძლებლობის გარეშე. აშკარაა, რომ ერთობა ვერ შედგება კომისიის დასკვნაზე, რამეთუ ის ეწინააღმდეგება 2022 წლის 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნებს.
ამდენად, ახალი ვარიანტების შემუშავებაა საჭირო“, – წერია შარლ მიშელისთვის ორბანის მიერ მიწერილ წერილში, რომელიც „რადიო თავისუფლების“ მიხედვით 4 დეკემბრითაა დათარიღებული.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინის გაწევრების პროცესზე ევროკომისიის ბოლო დასკვნა, ევროკავშირის გაფართოების, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული პოლიტიკის, დასასრულს ნიშნავს. ის შარლ მიშელს სწერს, რომ საჭიროა უკრაინის მიმართ ერთიან სტრატეგიაზე შეჯერდნენ.
„საჭიროა მომავლის გააზრება და საზრიანი მიდგომა, წევრი ქვეყნების პოლიტიკურ და ფინანსურ რეალობებზე დაყრდნობით. ეს დამატებით ძალისხმევას, დროსა და ყოვლისმომცველ ასახვას მოითხოვს….
მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო ამ საკითხების გადასაწყვეტად დეკემბერში“, – წერს ორბანი.
უნგრეთის პრემიერმა 3 დეკემბერს X-ზე (ყოფილი Twitter) საჯაროდაც განაცხადა, რომ მისი აზრით ევროკომისიის პოზიტიური შეფასება უკრაინასთან დაკავშირებით უსაფუძვლო და ცუდად მომზადებულია.
„დეკემბრის დღის წესრიგში ამ საკითხის ადგილი არ არის“, – წერდა ორბანი.
თუკი ბრიუსელი ვიქტორ ორბანთან ამ საკითხზე ვერ მოილაპარაკებს შესაძლოა, ამან გავლენა საქართველოზეც მოახდინოს. წინასწარი ცნობებით, მოსალოდნელი იყო, რომ 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკების დაწყებას დაუჭერდა მხარს, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსს მიანიჭებდა.
ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი საქართველოს გარდა 9 ქვეყანას შეეხება. თუმცა, „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიურის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ თუკი უკრაინის საკითხი არ გადაწყდება, არც სხვებისთვის აინთება „მწვანე შუქი“, მათ შორის თბილისისთვისაც.