უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი უკმაყოფილოა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრების თაობაზე.
ორბანმა მიმართვა გაავრცელა და მიუთითა, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება „ცუდია”.
„უნგრეთის გადაწყვეტილება ნათელია – უკრაინა არ არის მზად, დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრებაზე. თუმცა, 26 სხვა ქვეყანა ამის მომხრე იყო. უნგრეთს არ უნდა ამ ცუდი გადაწყვეტილების გაზიარება, ამიტომ, ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა ამის მიღებაში”. – თქვა მან.
Starting accession negotiations with #Ukraine is a bad decision. Hungary did not participate in the decision. pic.twitter.com/omYLSxefkI
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) December 14, 2023
ვიქტორ ორბანის პოზიცია დიდი ხანია, ცნობილია – ის ეწინაარმდეგებოდა უკრაინასთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. მისი მტკიცებით, უკრაინამ 7 პირობიდან 3 არ შეასრულა, რის გამოც მოლაპარაკებების დაწყების მიზეზი არ არსებობს.
ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. საბჭოსვე გადაწყვეტილებით, დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში მათი გაწევრების შესახებ. ამ ორ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიენიჭა.