ორგანიზაციაში სადაც წლები მუშაობდი, უცხო ძალის კონტროლით აკეთებდი ამას? - უსუფაშვილი პაპუაშვილს

პუბლიკა

„ვინც ამას უჭერთ მხარს, რომ უნდა დაიხუროს, ის ადგილები, საიდანაც შემოდის იმ ტიპის იდეები, სადაც ბატონი შალვა [პაპუაშვილი], წლების განმავლობაში მუშაობდა [ასეთ ორგანიზაციაში]… უცხო ძალის ინტერესებში აქცევდი შალვა იმ ხალხს, რომელთანაც ურთიერთობაში იყავი? უცხო ძალის კონტროლით აკეთებდი ამას? უცხო ძალის დაქვემდებარებაში იყავი, როდესაც რაღაცა კანონპროექტებზე მუშაობდი? და ვინც შენ გემუშავებოდა იმას  „ავერბორკებდი“, რომ უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის ემუშავა? ეს ხომ სისულელეა ხალხო … ეს კანონი“,- ასე მიმართა ბიუროს დღევენდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა.

დღეს უცხოური გავლენის აგენტის შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადაეცა.

„არანაირი ამერიკული ამ კანონპროექტში არაფერი არ არის, მინდა ეს საზოგადოებამ [გაიგოს]. ამ კანონპროექტიდან გამომდინარე დაფინანსების მიღების ფაქტი უკვე არის აღიარებული იმ საკმარის ფაქტად, რომ დაფინანსების მომცემი თავისი ინტერესის გატარებას ცდილობს ამ ქვეყანაში და დაფინანსების მიმღები მის კონტროლ ქვეშაა, მისი გავლენის ქვეშაა, მის მითითებებს ასრულებს.

ამერიკის კანონი პირიქითაა აწყობილი, ამერიკის კანონი აცხადებს, რომ თუ ვინმე თავისი ინტერესის განსახორციელებლად, ჩემს ქვეყანაში ვიღაცას აქცევს თავისი კონტორლის დაქვემდებარების და პირდაპირი მითითბებეის ქვეშ, მე მასთან მაქვს მერე საქმეო, ხვდებით განსხვავებას?

ჩვენი მოსახლეობის უამრავი ფენა, რომლებმაც ეს უმძიმესი წლები გადაიტანეს სწორედ იმიტომ, რომ მაგალითად წითელი ჯვარი ეხმარებოდა (წითელი ჯვარი ცხადდება ამის მიხედვით უცხო ძალად) და წითელი ჯვარი თუ მისცემს რაღაცა კაპიკებს რომელიღაც ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს ვეტერანებზე, დაჭრილებზე თუ ა.შ. თურმე ეს ხალხი იმათი ინტერესების გამო მუშაობს, დავუფიქრდეთ რაზეა საუბარი…“,- მიმართა უსუფაშვილმა პაპუაშვილს.

საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ. კანონპროექტს, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, „ხალხის ძალამ“ მოამზადა, მმართველი პარტია არ ემიჯნება.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელთა დაფინანსების გარკვეული ნაწილი უცხოეთიდან არის მიღებული, აგენტებად გამოცხადდებიან. მათ „უცხოური გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციის ვალდებულება ექნებათ. ასევე, „უცხოური გავლენის აგენტის“ გამოსავლენად, იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მას მიენიჭება ყველა მისთვის საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლება. ასევე, სამინისტროს მიენიჭება დაჯარიმებისა და ორგანიზაციების იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება.

სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს.

ბიუროს სხდომის პარალელურად პარლამენტის შენობაში მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ ეს კანონპროექტი იმ რუსული კანონის ანალოგია, რომელმაც რუსეთში ჯერ შეზღუდა, შემდეგ კი გააქრო კრიტიკული მედია და ორგანიზაციები.