საქართველოში მოქმედი ქალთა საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები პარლამენტში ქალთა მიმართ დისკრიმინაციული და პარლამენტარის ეთიკასთან შეუთავსებელი ენის გამოყენებას გმობენ.
ორგანიზაციები აღნიშნავენ, თითოეულ ფაქტზე შესაბამისი ზომების მიუღებლობა იწვევს დაუსჯელობის სინდრომს, რაც, მათი თქმით, პრაქტიკიდან გამომდინარე, მსგავსი შემთხვევების განმეორების საფუძველია.
ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს, დაიცვას კონსტიტუცია, აამოქმედოს არსებული ეთიკის კოდექსი, გათვალისწინებული სანქციები, მოახდინოს რეაგირება ქალთა მიმართ ძალადობასა და ღია სიძულვილზე და ამასთან, დღის წესრიგში დააყენოს ეთიკის კოდექსის გადახედვისა და სანქციების გამკაცრების საკითხი.
გთავაზობთ ქალთა ორგანიზაციების მიმართვას სრულად:
„საქართველოში მოქმედი ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები მტკიცედ ვგმობთ, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხის განხილვისას, ქალთა მიმართ დისკრიმინაციული და პარლამენტარის ეთიკასთან შეუთავსებელი ენის გამოყენებას.
დაუშვებლად მიგვაჩნია, პირველ პლენარულ სხდომაზე, ორი დეპუტატის – ვახტანგ მეგრელიშვილისა და ბექა ოდიშარიას მიერ, ქალი დეპუტატების მიმართ განხორციელებული სექსისტური, შეურაცხმყოფელი მიმართვები. მსგავსი განცხადებები ახალისებს ქალთა მიმართ ძალადობასა და სიძულვილს.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული, ,,საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის” თანახმად, პარლამენტის წევრმა, საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებისას, უნდა იხელმძღვანელოს თანასწორობის პრინციპით, პატივი უნდა სცეს და აღიაროს კაცებისა და ქალების თანაბარი უფლებები, პატივისცემით უნდა მოექცეს სხვა პარლამენტის წევრებს სქესის მიუხედავად. ასევე, ეთიკის კოდექსის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება.
დეპუტატების მიერ ეთიკის კოდექსის აშკარა დარღვევის მიუხედავად, დღემდე, საქართველოს პარლამენტს არ მოუხდენია არანაირი რეაგირება და დღის წესრიგში არ დგას ეთიკის კოდექსის დამრღვევ პარლამენტართა მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.
ჩვენ, ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, რომლებიც საქმიანობას ვახორციელებთ საქართველოს მასშტაბით და გვაქვს კომუნიკაცია მოსახლეობასთან, გარწმუნებთ, რომ პარლამენტის წევრის მიერ, ქალთა მიმართ შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული შინაარსის გამოსვლები და მიმართვები ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ შეურაცხყოფს ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს, კაცებსა და ქალებს და უარყოფით ზეგავლენას ახდენს ყველა თაობაზე, მათ შორის ახალგაზრდებსა და ბავშვებზე. ამასთან, დიდ ზიანს აყენებს თავად პარლამენტის რეპუტაციას. ეთიკის კოდექსის თანახმად, ,,საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ ეთიკის ნორმების დაცვა კარგი მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. იგი საზოგადოების წინაშე საქართველოს პარლამენტის წევრის პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლებას ემსახურება.”
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პარლამენტში ქალთა დისკრიმინაციის თუ შეურაცხყოფის პირველი შემთხვევა. თითოეულ ფაქტზე შესაბამისი ზომების მიუღებლობა იწვევს დაუსჯელობის სინდრომს, რაც, პრაქტიკიდან გამომდინარე, მსგავსი შემთხვევების განმეორების საფუძველია. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტი იქცეს ადგილად, სადაც ქალთა მიმართ სიძულვილი და დისკრიმინაცია კომუნიკაციის მიღებული ფორმაა. მსგავსი მიდგომა, გენდერული კვოტების გაუქმების პირობებში, ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას მნიშვნელოვნად შეაფერხებს და ქალებს გადაწყვეტილების მიღების პროცესებიდან კიდევ უფრო გარიყავს.
ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების სახელით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს დაიცვას კონსტიტუცია, აამოქმედოს არსებული ეთიკის კოდექსი, გათვალისწინებული სანქციები, მოახდინოს რეაგირება ქალთა მიმართ ძალადობასა და ღია სიძულვილზე. ამასთან, დღის წესრიგში დააყენოს ეთიკის კოდექსის გადახედვისა და სანქციების გამკაცრების საკითხი”, – ნათქვამია განცხადებაში.
უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ, რომელმაც გუშინ პლენარულ სხდომაზე ქალების მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა, დღეს კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა ქალ დეპუტატებს, მათ შორის, სალომე სამადაშვილს.
ასევე „გირჩის“ წევრმა, ვახო მეგრელიშვილმა პარლამენტში გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვისას სექსისტური განცხადება გააკეთა.
„პოლიტიკა არის ისეთი სფერო, რომელიც ჩემდა სამწუხაროდ… მე ახლა მაგრად გამისწორდებოდა, რომ უმრავლესობა ქალები იყოთ. მე, როგორც ამ პროფესიით მოხიბლული ადამიანი, ბევრად უფრო სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან… არ არის, რა ვქნა?! ძალით ხომ ვერ მოვიყვან? ჩემი სიამოვნებისთვის ძალით რომ შემეძლოს ქალების მოყვანა, ხომ სხვა სახელს დამარქმევდით, არა? ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ? იმის თქმა მინდა, რომ ქალებს პროფესია მართლა ნაკლებად აინტერესებთ, ვიდრე კაცებს და არ გამოვრიცხავ, საქართველოს შემთხვევაში, სადაც ასეთი დაძაბული, ნევროზული, უსამართლო დამოკიდებულებაა პოლიტიკოსების მიმართ, ქალებს კიდევ უფრო ნაკლებად უნდოდეთ ამ სფეროში მონაწილეობა“, – განაცხადა მან.