„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ და „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ გმობენ „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას და მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საქმე დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს.
„ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ქარტია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა აუცილებელია. შევახსენებთ ყველას, რომ ჟურნალისტების დანიშნულება სწორედ მწვავე და კრიტიკული კითხვების დასმაა“, – აცხადებს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“.
„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით, სწრაფ გამოძიებასთან ერთად, ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა მედიის ყველა წარმომადგენლისთვის.
„სამწუხაროდ, ჟურნალისტებზე თავდასხმა სერიოზულ გამოწვევად რჩება ქართული მედიისთვის. ჟურნალისტების მიმართ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ აგრესიული რიტორიკა, ძალადობაზე უმოქმედობა, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები თუ მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია კიდევ უფრო ახალისებს მსგავსი სახის ძალადობას. აღნიშნულის ფონზე, კიდევ უფრო შესამჩნევია ხელისუფლების მტრული დამოკიდებულება ნოდარ მელაძის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის მიმართ“, – აცხადებს კოალიცია.
2023 წლის 29 აპრილს „TV პირველმა” გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტი. მედიასაშუალების ინფორმაციით, მათ გუნდს ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის ღვინის ქარხანასთან გაუსწორდნენ. ნოდარ მელაძის თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაიგეს, რომ ჟურნალისტის ხელში იყო დოკუმენტები, რომელთა მიხედვით, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიფორმა ბიზნესი, რომელსაც, მედიასაშუალების თქმით, დიდი ალბათობით, ფიქტიური პირების სახელზე მალავდა. ადგილზე ჟურნალისტმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, უჩვენა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად მედიასაშუალების ოპერატორს, ცდილობენ ტექნიკის დაზიანებას, თუმცა, ჟურნალისტის თქმით, საბოლოოდ სამართალდამცველებმა განუცხადეს, რომ ეს მათ უწყებას არ ეხებოდა. ამჟამად მაკა ანდრონიკაშვილი დაბარებულია გამოკითხვაზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.