„ორგანიზატორების დასადგენად მიმდინარეობს მუშაობა" - პროკურორი ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე

პუბლიკა

„გამოძიება, მათ შორის, მუშაობს ორგანიზატორების დადგენის მიმართულებით”, – განაცხადა ჟურნალისტების მიმართ დევნისა და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულების საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ.

„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს ჰყავს 16 ბრალდებული და 36 დაზარალებული, რომელთაგან  30 არის ჟურნალისტი და ოპერატორი ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე გამოძიება უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და  გამოძიება მათ შორის მუშაობს ორგანიზატორების დადგენის მიმართულებით, იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტული ძალადობის ეპიზოდებთან დაკავშირებით დაზარალებული პირების ჩართულობით, შედარებით უფრო მარტივია მტკიცებულებების მოგროვება. მოცემულ შემთხვევაში შედარებით მოცულობითია სამუშაო ორგანიზატორებთან მიმართებით, თუმცა ვადასტურებ, რომ ამ მიმართულებით მუშაობს გამოძიება“, – განაცხადა თამარ იაკობიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს „TV პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დავით კუტალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

შეკითხვაზე, ხომ არ იგეგმება, რომ ბრალდებულ დათო კუტალაძეს დაუმძიმდეს ბრალი, გადაუკვალიფიცირდეს მუხლი, პროკურორმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე კუტალაძეს სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით ბრალი წარდგენილი არ აქვს, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება.

„დაკავებულია პირი ალექსანდრე ლაშქარავას და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაზე, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე და დევნის ფაქტზე, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით. მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლო განიხილავს აღკვეთის ღონისძიების საკითხს და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

ამ ეტაპზე სხვა ეპიზოდებთან მიმართებით მას ბრალი წარდგენილი არ აქვს, თუმცა დამატებით გეტყვით იმას, პირის დაკავებიდან ბრალდების მხარეს აქვს 48 საათი. ამ 48 საათის შემდეგ აღკვეთის ღონისძიება შემოვიტანეთ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ეპიზოდები მას ბრალად არ წარედგინოს. გამოძიება მუშაობს და ყველა ვიდეოჩანაწერის გაშიფვრა ხდება“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეიძლება ვიხილოთ თუ არა ბრალდებულებად სასულირო პირი/პირები, რომლებიც ძალადობისკენ მოუწოდებდნენ საზოგადოებას და ამის შესახებ მედიით ვრცელდებოდა კადრები, თამარ იაკობიძემ უპასუხა, რომ ყველა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა.

„ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. გიდასტურებთ, რომ ყველა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობას“, – განაცხადა პროკურორმა.


Tbilisi Pride -ის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 21 პირს წარედგინა.  დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.