ვარკეთილში, ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ბრალდებულმა იური კალანდარიშვილმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და დანაშაულის განზრახვა არ ჰქონია. მან განმარტა, რომ მეზობელი და მეზობლის მეგობარი სახლში მიუვარდნენ, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და საფრთხე შეუქმნეს მისი და მისი ცოლ-შვილის სიცოცხლეს, რის გამოც იძულებული გახდა კუთვნილი სანადირო თოფი გამოეტანა.
„ბევრჯერ დამარტყეს. უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ვგრძნობდი, რომ გონებას ვკარგავდი და გავიქეცი იქით ოთახში. მომსდევდნენ… იარაღით შევაშინებ მეთქი, როგორც კი ამოვიღე მომკიდეს ხელი და წართმევა უნდოდათ ამ იარაღის”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ბრალდების მხარე აუცილებელი მოგერიების ვერსიას არ იზიარებს. პროკურორ ლევან ვეფხვაძის თქმით, 6 ტყვიის გული იატაკიდან ამოიღეს, კედლებზე კი არანაირი დაზიანება არ არის.
„მოცემულობა, რომ დღეს ბრალდების მხარემ შეაფასოს, რომ ეს იყო აუცილებელი მოგერიება, იქნება თავიდანვე არასწორი, ვინაიდან ის მტკიცებულებები, რაც წარმოდგენილია, განსაკუთრებით ყურადღებას გავამახვილებ ტყვიის გულებზე, 6 ტყვიის გული ამოღებულია იატაკიდან. გასროლილი 9 ვაზნა, რომელიც ასევე ამოღებულია. ეს ყველაფერი დადგინდება ექსპერტიზებით. ალბათ თქვენ დაგებადებათ ეს ლოგიკური შეკითხვა, რომ რატომ არის ტყვიის გულები ქვემოთ, თუ ბრალდებული გვეუბნება, რომ ჯაჯგურის შედეგად მოხდა გასროლა. რატო არცერთი კედელი და კარი არ არის დაზიანებული, თუ ეს ჯაჯგურის შედეგად მოხდა? გარდა ამისა, საგულისხმოა ის გარემოება, როგორი იყო გარდაცვლილების განლაგება. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, როგორ არის ჭრილობა მიყენებული, არის შემავალი თუ გამავალი?”, – აცხადებს პროკურორი.
შემთხვევა 5 ივნისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რის შემდეგაც ბრალდებულმა იური კალანდარიშვილმა მეზობლად მცხოვრებ 1985 წელს დაბადებულ ბ.ბ. -ს და მის მეგობარს 1984 წელს დაბადებულ ნ.ა. -ს სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.