ორი ახალი შემთხვევიდან ერთი 10 წლის ბავშვია, რომელიც ბათუმიდან გადმოჰყავთ - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა და ჯამში ქვეყანაში 117 ინფიცირებულია.

„დღეს დილიდან ორი ახალი შემთხვევა დაგვემატა. ერთი უკვე შემოყვანილია ჩვენთან. ეს ინფიცირებული სომხეთიდან ჩამოსული პაციენტია. მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმე არაა. მეორე პაციენტი გადმოჰყავთ ბათუმიდან, 10 წლის ბავშვი მშობელთან ერთად. მისი ისტორია ჩვენთვის ცნობილი არაა. მშობელს უარყოფითი აქვს, მაგრამ ერთად მოდიან”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ორი მძიმე პაციენტის მდგომარეობა არასტაბილურია. ეზუგბაიას თქმით, მათი მდგომარეობის პროგნოზირება შეუძლებელია, სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა კი დასტაბილურდა.

ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას კორონავირუსით ინფიცირებული 35 პაციენტი გადის.