დღეს, 26 ოქტომბერს, 08:00 საათზე საქართველოში დაიწყო ხმის მიცემის პროცესი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. სხვადასხვა წყაროებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამომრჩევლებს ერთის ნაცვლად, ორ ან მეტ ბიულეტენს აძლევენ. დამკვირვებლებმა ბათუმის ერთ-ერთი უბნიდან გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ამომრჩეველს ორი ბიულეტენი მისცეს, ვიდეოს მიხედვით, დარღვევაზე საჩივარი დაწერეს.
„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ 10 საათზე გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ორი და მეტი ბიულეტენი გასცეს რეგისტრატორებმა ქობულეთის მე-15, სამგორი 51-ე, ბათუმის მე-10, ყვარლის მე-3 და მთაწმინდის 31-ე საარჩევნო უბნებზე.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი, მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ მოქალაქეებს ორი ბიულეტენი მისცეს – ბათუმის მე-10, 71-ე, მე-18, 35-ე, მე-20, მე-13, მე-14, 70-ე, 86-ე, 83-ე და 33-ე უბნებზე. ქამადაძეც ამბობს, რომ დაწერეს საჩივრები.
„როგორც მოსალოდნელი იყო ბათუმში ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო დარღვევებით, ამ დროისთვის დაწერილია 30 საჩივარი უკვე ჩვენი წარმომადგენლების მიერ, კერძოდ, გვაქვს ისეთ სერიოზულ დარღვევებთან საქმე, როგორიცაა მაგალითად ამომრჩევლისთვის 2 ბიულეტენის მიცემა, მაშინ, როდესაც ვიცით, რომ თითო ადამიანი ერთი ხმით სარგებლობს, ბათუმის მე-10, 71-ე, მე-18, 35-ე მე-20 მე-13 მე-14 70-ე 86-ე 83-ე და 33-ე უბნებზე დაფიქსირებულია ორ-ორი ბიულეტენის გაცემა, ჩვენ გვაქვს ამის ვიდეო მტკიცებულება და ამასაც მოგაწვდით საზოგადოებას, ამ ყველა ფაქტზე დაწერილია საჩივარი“, – ამბობს მირდატ ქამადაძე კოალიცია ცვლილებისთვის წევრი.
სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ 10:30 საათის მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ დაფიქსირდა უბნებზე ამომრჩევლებისთვის „ერთზე მეტი ბიულეტენის გადაცემისა და ხმის მიცემის 25-მდე შემთხვევა“.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, 11:00 საათისთვის გამოვლინდა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის გადაცემის ფაქტები – გლდანის მე-13, ისნის 41-ე, წალენჯიხის მე-5, ქუთაისის და ფოთის მე-13 უბნებზე.
გავრცელებულ ცნობებზე კომენტარი გააკეთა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა, რომელიც ამბობს, რომ არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა აპარატის მიერ ორი ბიულეტენის ერთად მიღების ფაქტი.