ორი დღეა ჩემი ოჯახი ბულინგის მსხვერპლია, თუმცა აზრს ვერაფერი შემაცვლევინებს - ხუნდაძე

პუბლიკა

მმართველი პარტიის დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ 10 ივნისს გაკეთებული განცხადების შემდეგ, მისი ოჯახი ბულინგის მსხვერპლია.

როგორც ის Facebook-ზე წერს, ქვეყნის უსაფრთხოება მისთვის უპირატესია და აზრს ვერაფერი შეაცვლევინებს.

„ორი დღეა, გაკეთებული განცხადების გამო, ჩემი ოჯახი ბულინგის მსხვერპლია, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი ქვეყნის ღირსება და მისი უსაფრთხოება უპირატესია და უალტერნატივო ჩემთვის. თუმცა, ასეთი დამოკიდებულებაც აზრს ვერ შემაცვლევინებს.  ასეთი ბულინგის ქვეშ გაიარა ჩემმა ოჯახმა მაშინაც, როდესაც „ალტ-ინფოს“ ოფისების გახსნას არანაკლებ მწვავე განცხადება მოჰყვა ჩემგან.

რა ვქნა? როცა არც ევროპარლამენტარებისგან ჩემი ქვეყნისათვის საზიანო სიცრუეა მისაღები და არც პრორუსული ჯგუფების „ბოგინი“.  გავჩუმდე? დავუჯერო პასუხისმგებლობიდან ამოვარდნილ სახალხო დამცველს, რომელიც არც ჩემი პერსონალური ინფორმაციების გავრცელებაზე და არც ტელე-წამყვანის მიშა მშვილდაძის მოწოდებულ ბულინგზე რეაგირებს?!

ლომჯარია “მიბრძანებს” რომ გავჩუმდე: – „როგორ ბედავ ამის თქმას?!“, მეუბნება არჩეულ დეპუტატს. არადა, ასეთ ვითარებაში ჩემი გაჩუმებაც დანაშაულია და მისიც!

მინდა გკითხოთ, რომელია ევროპული სტანდარტი? სიტყვის ამგვარი თავისუფლება? როცა ბინძური ენა ყველაფერს კადრულობს? თუ ერთი ჯგუფის სახალხო დამცველის დეპუტატისადმი სიჩუმისკენ მოწოდება? თუ მაინცდამაინც ისეთი ევროპელობა უნდა დავივალო, რომ ღირსება დავთმო?! მე მინდა ღირსეული ევროპელობა და არა ევროპელობა მის გარეშე“, – წერს ის.

ის ასევე ამბობს, რომ  საქართველო გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი, თანასწორი და ღირსეული წევრი, რომელიც საერთო პასუხისმგებლობას გაიზიარებს.


10 ივნისს რამდენიმე მედიასაშუალების გვერდზე ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით დიმიტრი ხუნდაძის განცხადება გავრცელდა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მმართველი პარტიის დეპუტატმა მედიას პირადი ინიციატივით, წინასწარ მომზადებული წერილობით გაუგზავნა.

განცხადებაში ხუნდაძე წერს, რომ, „თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას“.