ორი ევროპარლამენტარი ირაკლი ღარიბაშვილს ერთობლივი წერილით მიმართავს

პუბლიკა

ორი ევროპარლამენტარი, „თავისუფლების, ერთობის და სოლიდარობის პარტიის“ წევრი ვლად გეორგე და დანიის სოციალ-ლიბერალური პარტიის წევრი კარენ მელქიორი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავენ.

ევროპარლამენტის წერილს „დროა“, „გირჩი – მეტი თავსუფლება“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებენ.

წერილის ქართულ თარგმანში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტარების მიმართვა ეხება 12 მარტს ღარიბაშვილის მიერ 7-8 მარტის აქციის მონაწილეების შესახებ „იმედის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ თქვენი მუქარით, „უმკაცრესად დასაჯოთთ“ და გაასამართლოთ ისინი, ვინც 7-9 მარტს ქუჩაში რუსული სტილის ანტიდემოკრატიული „უცხოელი აგენტების“ კანონის დასაგმობად გავიდა. მათ განახორციელეს თავიანთი კონსტიტუციური უფლება პროტესტისა, რაც ევროპული დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ მათი ამ გამარჯვების შედეგად მათთვის მილოცვა გვმართებს. როგორც საქართველოს სახალხო დამცველი სამართლიანად აცხადებს, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. თუკი რამე არის ანტიკონსტიტუციური, ეს არის წყლის ჭავლებით, წიწაკის სპრეითა და ცრემლსადენი გაზით პოლიციის მიერ დემონსტრანტთა ძალადობრივი დარბევა, რამაც არაერთ ადამიანს მიაყენა დაზიანებები. ასევე ანტიკონსტიტუციურია დემონსტრანტების თვითნებური დაკავება, რომელთა რაოდენობაც სხვადასხვა წყაროს მიხედვით 133-დან 165-მდე ადამიანს მოიცავს.

ჩვენ გვჯერა, რომ ნაცვლად მათი „დასჯისა“ და დემონსტრანტების ნებისმიერი სახის სამართლებრივი შევიწროებისა, საქართველოს მთავრობამ უნდა დაარწმუნოს ისინი, რომ უცხოელი აგენტების კანონი განხილვაში აღარ დაბრუნდება და რომ მიმდინარე ომის პირობებში საქართველო დისტანცირდება პრორუსული პოზიციებისგან. გარდა ამისა, ჩვენ ველით, რომ საქართველოს მთავრობა ბოდიშს მოუხდის მათ, ვინც უსამართლოდ გახდა პოლიციის ძალადობის მხვერპლი და ვინც უსამართლოდ იქნა დაკავებული. და ბოლოს, ჩვენ ველით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება, ჩაერთონ ყველა იმ საკანონმდებლო პროცესის საჯარო კონსულტაციაში, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოს რიგითი მოქალაქეების ცხოვრებასა და თავისუფლებაზე.

ნებისმიერი შემდგომი ძალადობრივი ქმედება, უკანონო დაპატიმრებები და დემონსტრანტთა სამართლებრივი დევნა გამოიწვევს არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთებას, არამედ, შესაძლოა, შემზღუდავი ღონისძიებების შემოღებასაც იმ პირთა მიმართ, ვინც აღნიშნულ ქმედებებზე არიან პასუხისმგებელნი. გარდა ამისა, ევროკავშირი დიდი გულისყურით აკვირდება რუსი ინდივიდებისა და იურიდიული პირების მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობებს და არ მოითმენს საქათველოს სამართლებრივი და ეკონომიკური სისტემის ინსტრუმენტალიზაციას სანქციებისგან თავის ასარიდებლად.

გარწმუნებთ, რომ ჩვენ, როგორც ევროპარლამენტარები, გულთან ახლოს ვიღებთ საქართველოს ბედს და ჩვენ ახლოდან დავაკვირდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას. საქართველოსთვის ახლა უმნიშვნელოვანესი მომენტი დგას და ის გზები, რომლებითაც საქართველოს მთავრობა ეპყრობა დემონსტრანტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს იქნება ის, რაც განსაზღვრავს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას. ჩვენ ველით, რომ საქართველო გახდება კანდიდატი ქვეყანა და სწორედ ამიტომ ველით, რომ საქართველო დაგვანახებს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც მას დააახლოვებს ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსა და ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკის შესახებ“, – ნათქვამია წერილში.

გასულ კვირას „დროას“, „გირჩი – მეტი თავსუფლების“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები ევროპარლამენტში რამდენიმედღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც მათ საზოგადოებას ვიზიტის შედეგებიც გააცნეს.