ორი გამოსავალი - ან კრემაცია, ან ესპანეთში დაკრძალვა - მინისტრის მოადგილე ვირუსით გარდაცვლილთა გადმოსვენებაზე

პუბლიკა

„ჯანდაცვის მსოფლოს ორგანიზაციას აქვს მკაცრად განსაზღვრული პროტოკოლი კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვის, რომლის დაცვის ვალდებულებაც აქვს წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის ესპანეთს“, – საგარეო საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ  მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ჩვეულებრივი გადმოსვენების პროცედურა ვეღარ მოქმედებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, ქართულმა მხარემ ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების ესპანეთიდან გადმოსვენებაზე კატეგორიული უარი მიიღო. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსთან“ ისაუბრა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის მიხედვით, თუ ადამიანი არის დაღუპული ამ ვირუსით, ამ შემთხვევაში ძალიან რთულია ამ ადამიანის ტრანსპორტირება იმ ქვეყნიდან, რომელშიც ის დაიღუპა. მით უმეტეს, თუ ეს არის ევროპული ქვეყანა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გადმოსვენება მხოლოდ კრემაციის შემდეგ შეიძლება.

„დღევანდელი პროტოკოლით არსებობს ორი ტიპის გამოსავალი ამ შემთხვევიდან – ერთ-ერთი არის კრემაცია, რაც ჩვენთვის, ქართველებისთვის ძალიან მძიმეა. არსებობს მეორე შესაძლებლობაც – იქ ადგილზე გამოყოფილია შესაბამისი ტერიტორია, სადაც, შეიძლება, მოხდეს ამ ადამიანების დაკრძალვა“ , – თქვა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

„პუბლიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ისინი მუდმივად ხაზზე არიან ოჯახის წევრებთან და ოჯახის წევრები ინფორმირებულნი არიან ამ საკითხებზე.

„მართლაც უმძიმესი ვითარებაა. წესები გვავალდებულებს როგორც ესპანურ, ასევე ქართულ მხარეს, დავემორჩილოთ ჯანმოს პროტოკოლს“, – აცხადებენ უწყებაში.

ესპანეთში კორონავირუსული ინფექციით საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა.