ორი მათგანი ფეხის, ერთი კი ზურგის არეში დაიჭრა. მდგომარეობა სტაბილურია - ნაჯა ორაშვილი BASSIANI-ზე მომხდარზე

პუბლიკა

ორი მათგანი ფეხის, ერთი კი ზურგის არეში დაიჭრა, რომლებსაც დღეს დილით გაუკეთდათ ოპერაცია. მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისევ რჩებიან საავადმყოფოში, – წუხელ კლუბ „BASSIANI-ზე” მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს კლუბის ერთ-ერთი დამფუძნელები ნაჯა ორაშვილი.

მისი თქმით, წუხელ კლუბიდან გაძევებულმა პირმა მოგვიანებით კლუბის გარე პერიმეტრზე 15-ჯერ გაისროლა.

„კლუბის ტერიტორიაზე არტისტის მოსაწვევით შემოსულმა და რამდენიმე წუთში კლუბის წესების დარღვევის გამო, ყოველგვარი კონფლიქტის, სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირების გარეშე გაძევებულმა პირმა, მთელი ქალაქის გავლით სახლიდან მოიტანა 12 კალიბრიანი ავტომატური სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და კლუბის გარე პერიმეტრზე 15-ჯერ გაისროლა.

დაცვის წევრების სწრაფმა რეაგირებამ, რომლებმაც დროულად ჩაკეტეს კლუბის შემოსასვლელი რკინის კარი, თავდამსხმელისგან იხსნა სტუმრები. მაგრამ ჩვენი ოჯახის სამი წევრი მაინც დაშავდა. ორი მათგანი ფეხის, ერთი კი ზურგის არეში დაიჭრა, რომლებსაც დღეს დილით გაუკეთდათ ოპერაცია. მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისევ რჩებიან საავადმყოფოში.

ვერაფერს დავწერ იმ სტრესულ და ტრავმატულ მდგომარეობაზე, რომელშიც კლუბის კარში მომუშავე ადამიანები და სტუმრები იმყოფებიან, რომლებმაც სიკვდილს ჩახედეს თვალებში.

ოფიციალური ინფორმაციით თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. უნდა აღინიშნოს, რომ 39 წლის მოძალადე წარსულშიც ნასამართლევია. მან 2010 წელს ნასვამ მდგომარეობაში არაერთი გასროლის შედეგად დააზიანა აფთიაქი, რომელშიც ფსიქოტროპული მედიკამენტების ყიდვაზე უთხრეს უარი. 9 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ამ ადამიანის სამიზნე ჩვენ აღმოვჩნდით.

სიტყვები არ მეყოფა იმის აღსაწერად, როგორი მამაცი და უშიშარი გუნდი იცავს ბასიანს, რომლებიც წარმოუდგენელ სიყვარულსა და ერთგულებას ამტკიცებენ უკვე მერამდენე წელია და რამხელა რისკის ფასად უჯდება კლუბის ოჯახის თითოეულ წევრს ჩვენი უსაფრთხოება. ეს არის დიდი სიყვარულის საზღაური, რომელიც გვაძლევს ძალას, რომ ერთად ვიდგეთ, ვიყოთ სოლიდარულები და ვიბრძოლოთ ჩაგვრისა და ძალადობის წინააღმდეგ – თანასწორობისვთის.

ჩვენი კარი მუდამ ღია იყო სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის, რადგან გვჯერა ცვლილებების. არაერთხელ გვინახავს ერთ ღამეში შეცვლილი ადამიანები – ეს იყო დაუღალავი შრომის შედეგი, გაგვეზიარებინა ის ხედვები, ცოდნა და ღირებულება, რისთვისაც ვიბრძვით და რის გამოც შეიქმნა ეს სივრცე. სწორედ ეს არის „ბასიანი”, ყველასია ეს სივრცე და ვერანაირი მსგავსი შემზარავი შემთხვევა ვერ შეგვაცვლებს იმ აზრს, რომ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფები გავრიყოთ. ჩვენ მუდამ ვიყავით, ვართ და დავრჩებით ღია და მიმღებლურ სივრცედ.

და ბოლოს, დარწმუნებული ვარ, დღეს ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით ეს ისტორია არავისთვის იქნება შიშის მომგვრელი, არამედ კიდევ ერთი დასტური, რომ მსგავსი სივრცეები ყველაზე უსაფრთხო და თავისუფალი ადგილებია მთელს ქვეყანაში, რომელსაც დაცვა და გაფრთხილება ჭირდება”,  – წერს ორაშვილი.


წუხელ, დაახლოებით 02:30 საათზე BASSIANI-ის შესასვლელთან რამდენჯერმე გაისროლეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიჭრა.

კლუბის ერთ-ერთი თანამშრომელი Facebook-ზე წერს, რომ პირი, რომელმაც გაისროლა, კლუბიდან დიჯეისთან კონფლიქტის გამო გააგდეს, შემდეგ კი ის იარაღით დაბრუნდა.

შსს-ს ცნობით, კლუბ „ბასიანთან“ სამი პირის დაჭრის ბრალდებით დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ფლობის ბრალდებით, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.