ორი მოქალაქე ამბობს, რომ უცნობი პირები თავს დაესხნენ

პუბლიკა

2025 წლის 4 იანვრის მდგომარეობით 2-მა მოქალაქემ თქვა, რომ უცნობი პირები თავს დაესხნენ.

დღეს, 4 იანვარს მევიოლინე გვანცა ჩხეიძემ, რომელიც აქტიურად მონაწილეობს მიმდინარე საპროტესტო აქციებში, „ფეისბუქზე” დაწერა, რომ უცნობმა ადამიანმა ბეტონის კედელს მიახეთქა.

„იმ მხარეს ვიოლინო მქონდა გადაკიდებული და ამან დამიცვა, რომ თავი კედელს არ მივარტყი. მოკლედ, მაგრად შემაჯანჯღარა. მოვიხედე და შავებში ჩაცმული მხეცი გარბოდა. ქუჩას გავხედე, არავინ იყო ერთი მამაკაცის გარდა რომელმაც შორიდან დაგვინახა და მორბოდა საშველად. „რა უნდოდა, ამას რას ვხედავ, ხომ კარგად ხართ, ახლავე წყალს მოგიტანთ”… – ამ ადამიანმა მომიყვანა აზრზე რომ მთლად ჯოჯოხეთში არ ვიყავი…

PS. მე კი, ვიცი ვისაც გებრძვით და მზად ვარ, შეგეჭიდოთ. მალე, ძალიან მალე თქვენც შეგაჯანჯღარებენ, ქოცებო”. – დაწერა გვანცა ჩხეიძემ.

გუშინ, 3 ინავარს მოქალაქე ია გაბუნიამ თქვა, რომ უცნობი პირები სახლთან თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მან მომხდარი მიმდინარე საპროტესტო აქციებს დაუკავშირა.

“მაღაზიიდან ვბრუნდებოდი სახლში. ორივე ხელი დაკავებული მქონდა, მეჭირა პარკები. იდენტიფიცირებას ვერ მოვახდენ, მხედველობის პრობლემა მაქვს, სახეებს ვერ ვარჩევ, თუმცა, ეცვათ შავი ჰუდები, კაპიუშონი ჰქონდათ წამოხურული.

საიდან გაჩნდა ორი ადამიანი, არ ვიცი, ერთმა უკნიდან მხრებში წამავლო და ცდილობდა, წავექციე, გავუსხლტი ხელიდან და შევვარდი სადარბაზოში. ყვირილი ავტეხე და ვეძახდი დედაჩემს, რომ დედა, გამომხედე.

ჩემი, ასე ვთქვათ, მოღვაწეობა ბოლო ორი თვეა მხოლოდ აქციებია და სავარაუდოდ ამის ბრალია. ჩემთან იყო აგრესიული ზარები. ასევე, დედაჩემის ნომერზე ხორციელდებოდა ზარები, ჩემს ტელეფონზეც კითხულობდნენ ჩემს შვილებს”. – თქვა ია გაბუნიამ „მთავარ არხთან”.

„პუბლიკა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.