„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ფართომასშტაბიან აქციაზე, სადაც მოქალაქეები რუსული კანონის წინააღმდეგ არიან შეკრებილები, განაცხადა, რომ პროტესტის მონაწილეებს ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ.
მისი თქმით, პირველი მოთხოვნაა, გაიწვიოს მმართველმა პარტიამ პარლამენტიდან რუსული კანონპროექტები, მეორე – დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ გუშინ დაკავებული მოქალაქეები.
როგორც გიორგი ვაშაძემ თქვა, ამისთვის მმართველ პარტიას 1 საათს აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდგომი კონკრეტული ნაბიჯის შესახებ ინფორმაციას გააჟღერებენ.
„ბიძინა გონს მოეგე და დათანხმდი ხალხის ნებას, “- ქვა მან აქციაზე.
პარლამენტთან ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს. მოქალქეებმა რუსთაველის გამზირზე შეკრება დღეს, 3 საათიდან დაიწყეს.
პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.
მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს.
მათივე ცნობით, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც.