შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა.
უწყების ცნობით, ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და კიდევ ორი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 56 წლის პირი. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 46 წლის მეზობელს, რის შემდგომაც, ამავე იარაღიდან გასროლით მოკლა 53 წლის მეუღლე. ბრალდებულმა, ასევე, სხეულზე დაზიანება მიაყენა ორ მეზობელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დამნაშავე მომხდარიდან მალევე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, დაკავებული აღიარებს დანაშაულს. უწყების თქმით, დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.