ორი წელია, ხაბეიშვილი ცდილობს, გაილახოს, მიაღწია მიზანს – ბექა დავითულიანი

პუბლიკა

თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ლევან ხაბეიშვილს თვალი აქვს დაზიანებული.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი „TV პირველთან“ ამბობს, რომ ამ დაპირისპირებას ჰქონდა თავისი წინაპირობები.

„იჯდა ლევან ხაბეიშვილი დაახლობეით  ერთი კვირის წინ ეთერში. თქვა სრულიად  არასწორი რაღაცები, თითქოს დამლაგებლის ხელფასის მომატება შეგვიძლია ჩვენ და არ ვუმატებთ. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას რა სახელფასო განაკვეთები ექნება შიგნით, ეს ჩვენ როგორ უნდა გავუკონტროლოთ, არ მესმის. ამას მოაყოლა მერე, რომ უმრავლესობის ყველა წევრი არის უნამუსო, არაკაცი და ფარჩაკი.

ამაზე დღეს მიუბრუნდა ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა და უთხრა, რომ უნამუსო და ფარჩკი თუ ვინმეა ამ საკრებულოში, პირველ რიგში ეს თვითონაა. ამას მოჰყვა მერე შეხლა-შემოხლა და ჩხუბი. ეს, რა თქა უნდა, სასიამოვნო და სასურველი არ არის.

მე საერთოდ არ ვფიქრობ, რომ საკრებულო უნდა იყოს მუშტი-კრივისა და დედის გინების ადგილი, მაგრამ, უბრალოდ, დედის გინება დაიწყო ერთმა მხარემ და მეორე მხრიდანაც მოჰყვა მუშტი-კრივი. აი, ამაშია საქმე. ორი წელია, ხაბეიშვილი ცდილობს, რომ გაილახოს. მიაღწია მიზანს“, – ამბობს ბექა დავითულიანი.

საკრებულოს დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.