ორიოდე სიტყვა იმის შესახებ, თუ როგორ „უყვარს“ იან კელის ჩვენი ქვეყანა - წულუკიანი წერილს აქვეყნებს

პუბლიკა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის შესახებ.

„პოლიტიკური ოპოზიციის მიერ მართულ ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე, ბატონ იან კელის განუცხადებია, თეა წულუკიანის მხრიდან ცრუ ბრალდებაა, თითქოსდა მე საქართველო არ მიყვარსო. სასიამოვნოდ ხვდება გულს ამგვარი თავის მართლება. მინდა, მჯეროდეს კიდეც, რომ მას უყვარს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი“, –  წერს ის.

კულტურის მინისტრი იხსენებს იან კელისთან თანამშრომლობის პერიოდს და აცხადებს, რომ მას თავიდანვე ჰქონდა განცდა, რომ „იან კელის არაფერი ეცხო იმ ამერიკელებისა, საქართველოს დიდი და გულმხურვალე გულშემატკივრები რომ იყვნენ და დღესაც არიან”.

მისი თქმით, იან კელი, როგორც ელჩი, ასეთი პოლიტიკური ძალების („ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დაშლის შემდეგ წარმოქმნილი დაჯგუფებები) დამცველად გვევლინებოდა.  მისი შეფასებით, ამით ის აქტიურად იყო ჩართული ქართულ პოლიტიკაში და გავლენას ახდენდა ქართველი ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე.

„… ბატონმა იან კელიმ კი ელჩობისას ისეთი არაპროფესიონალიზმი აჩვენა, რომ საქართველოდან წასვლის შემდეგ, დიპლომატის კარიერა ვეღარ გააგრძელა და ხელმოცარულად დარჩა“, – წერს თეა წულუკიანი.