ორჯერ აცრილებში გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - გაბუნია

პუბლიკა

„ორჯერ ვაქცინირებულებში გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება ინფიცირების რაოდენობას ორჯერ აცრილებში, მისი თქმით, ეს არის 0,3%, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

„რაც შეეხება ინფიცირების რაოდენობას ორჯერ ვაქცინირებულებში. ჩვენი მონაცემებით, ეს არის 0,3%, რაც საკმაოდ დაბალი პროცენტია.  გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფექციისგან 100%-ით არც ერთი ვაქცინა არ გვიცავს, მათ შორის, არც ფაიზერი, არც მოდერნა, არც სინოფარმი და არც სინოვაკი. ინფიცირება შესაძლოა, დადგეს, მაგრამ დადგება იშვიათ შემთხვევაში, თუმცა შემთხვევები იქნება მსუბუქი და არ დადგება ლეტალობა. ეს არის ყველაზე დიდი დაცვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 35 117  ტესტი,  გამოჯანმრთელდა 619  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი – 5.3 %. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 610 საიდანაც 3 705 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 266, აჭარაში – 187, იმერეთში – 417.