„ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს“ - ღარიბაშვილი სი ძინპინს შეხვდა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში გაიმართა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღეს.

„მოხარული ვარ თქვენი გაცნობით, ბატონო პრემიერო. თქვენ მრავალჯერ აღნიშნეთ, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებს, აქტიურად უწყობთ ხელს ორმხრივ თანამშრომლობას. მე ამას მაღალ დონეზე ვაფასებ.

უკვე 31 წელია, რაც დიპლომატიური ურთიერთობები დავამყარეთ. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება. ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კი – შესამჩნევი. საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია. არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება. ჩინეთში თქვენი ამ ვიზიტის დროს გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება. გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს, “- თქვა სინ ძინპინმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა შეხევდრაზე აღნიშნა, რომ მადლობელია სტრატეგიული პარტნიორობის ამაღლების შესახებ ჩინეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით.

„ბატონო პრეზიდენტო, უდიდესი პატივი და სიამოვნებაა დღეს თქვენთან შეხვედრა. ეს ჩემთვის ისტორიული ვიზიტია. პირადად თქვენდამი ვარ დიდად მადლობელი. ძალიან დიდი პატივი მერგო და უზომოდ მადლობელი ვარ ჩინეთში მოწვევისთვის.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენდამი და თქვენი მთავრობისადმი მადლობელი ვარ ასევე ჩემი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. ჩინეთი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 1992 წელს, როდესაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. შემდეგ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები. ჩვენს ორ ქვეყანას შორის.

ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს. მრავალჯერ გვაქვს ხაზგასმით დაფიქსირებული ეს პოზიცია და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.

საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას, და მადლობელი ვარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რაც მიმაჩნია კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის, “- თქვა ირაკლი ღარიბაშილმა.