ორშაბათს გერმანიიდან სპეციალისტებს ველოდებით- კალაძე მეწყრულ პროცესზე

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. ეს არ არის დღეს და გუშინ დაწყებული პროცესები. ეს არის წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესები, ჩვენ როგორც კი შევატყვეთ, რომ საფრთხე იყო, პრევენციული ღონისძიებები იქნა გატარებული, მაჭავარიანის ქუჩის გადაკეტვა მოხდა ორმხრივად. მიმდინარეობს პროექტირება. ორშაბათს ველოდებით გერმანიიდან სპეციალისტებს და უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოები იმისთვის, რომ გზა რაც შეიძლება მალე გაიხსნას და გადაადგილება უსაფრთხო იყოს“,- განმარტავს კახა კალაძე.

სეისმოლოგ თეა გოდოლაძის თქმით,  უკვე მოწყვეტილია მასა, რომელიც გამზადებულია ჩამოსასვლელად. საუბარია დაახლოებით ნახევარ მილიონ კუბზე. მისივე თქმით, აღნიშნული მოვლენები გარემოზე არასწორი ჩარევის და ზემოქმედების შედეგია.


16 მარტს თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა და მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.