ორსულებისთვის კონსულტაციის გასაწევად ცხელ ხაზს მეან-გინეკოლოგების სერვისი დაემატება - გაბუნია

პუბლიკა

„ორსულებში „დელტა შტამი“ ნამდვილად უფრო მეტი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. ამდენად ორსულებისთვის პირველ რიგში უაღრესად მნიშვნელოვანია პრევენცია, აცრა. „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა შესაძლებელია და მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, სოციალური დისტანცირება, პირბადის გამოყენება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„რაც შეეხება სამედიცინო სერვისის მიწოდების ნაწილს, ორსულებისთვის სპეციალიზებული კონსულტაციების გასაწევად ცხელ ხაზს 15-22-ს მიმდინარე დღეებში დაემატება კიდევ მეან-გინეკოლოგების სერვისი. მათი ტრენინგი ამ კვირაში განხორციელდა და ისინი ოჯახის ექიმებთან ერთად გასცემენ დამატებით რეკომენდაციებს ორსულებისთვის. აქ არის საუბარი მსუბუქ შემთხვევებზე, ვინც იმყოფება ბინაზე.

გარდა ამისა, ბინაზე მყოფი პირებისთვის ჩვენ ისედაც ვახორციელებთ ლაბორატორიული გამოკვლევების ნაკრებს, ამ პროგრამაში ჩაერთვება 2-3 დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები, ამბულატორიული სპეციალიზებული სერვისისთვის, რათა ორსული რომელიც საჭიროებს ყურადღებას კოვიდინფეციის გამო, მივიდეს არა სტანდარტულ საავადმყოფოში, არამედ სპეციალიზებულ კლინიკაში და იქ მან მიიღოს სპეციალისტის კონსულტაცია ადგილზე და  ძალიან მოკლე ხანში ეს კომპონენტიც ამოქმედდება“,- განაცხადა გაბუნიამ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ჰოსპიტალური საწოლებია მობილიზებული საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე ბოლო პერიოდში დამატებითი საწოლების მობილიზება მოხდა, ამიტომ ამ ეტაპზე ამ მხრივ დეფიციტი არ არის და თუკი ორსულს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ჰოსპიტალში განთავსება დასჭირდება, ის შესაბამისი სერვისს მიიღებს.