ორსულობის გამო გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო – პროფკავშირი

პუბლიკა

პროფკავშირების ახალი მოძრაობა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების კიდევ ერთი სარჩელი სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა.

მათი ინფორმაციით, სარჩელი სასამართლოში შეტანილი იყო კოსმეტიკის დისტრიბუციის ერთ-ერთი კომპანიის წინააღმდეგ, რომელმაც ფეხმძიმე თანამშრომელი ორსულობის შეტყობინებიდან რამდენიმე დღეში გაათავისუფლა.

პროფკავშირების ინფორმაციით, გათავისუფლებული თანამშრომელი გ.გ. დამსაქმებლისგან შრომითი ხელშეკრულების ასლის გადაცემას 1 წლის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა. მისი მოვალეობა კოსმეტიკის კორპორაციული გაყიდვის წარმოება და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მიწოდება იყო.

„მას პირადად უწევდა კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა, რაც არაერთხელ გააპროტესტა. ის ასევე აპროტესტებდა კომპანიის ცალმხრივ გადაწყვეტილებებს, თანამშრომელთა ანაზღაურების ცვლილების შესახებ. ეს კი, კომპანიის ადმინისტრაციას დისკომფორტს უქმნიდა.

სამსახურიდან გათავისუფლებამდე 3 დღით ადრე გ.გ.-მ ფეხმძიმობის შესახებ შეიტყო, რაც, კანონით დადგენილი წესით, აცნობა კიდეც ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. კომპანიის ხელმძღვანელმა გ.გ. აღნიშნული ცნობის მიღებიდან ძალიან მალე სამსახურიდან გაათავისუფლა“, – ამბობენ პროფკავშირებში.

გ.გ.-ს უფლების დარღვევის ფაქტებზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისმა სარჩელი მარტში შეიტანა.

გაერთიანებაში ამბობენ, რომ ივნისის პირველ რიცხვებში, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მათი მოთხოვნები: სასამართლომ ბათილად ცნო გ.გ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება. იგი აღდგა გათავსუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე. მოპასუხე კომპანიას დაეკისრა 5 თვის განაცდური და 2 თვის გადაუხდელი ხელფასის ანაზღაურება.