ორსულს სამსახურიდან მიშვებენ - „ოცნების“ მთავრობის სტრატკომში ამბობენ, რომ Agenda.ge უქმდება

პუბლიკა

გვანცა გაბეხაძემ, პლატფორმა Agenda.ge-ს ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ორსულობის პერიოდში სამსახურიდან უშვებენ. Agenda.ge-ზე „ქართული ოცნების“ მთავრობის ოფიციალური შეხვედრებისა და გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია ინგლისურ ენაზე ქვეყნდებოდა.

„ოცნების“ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში ვებგვერდი Agenda.ge უქმდება და ხელშეკრულება არ შეუწყვეტიათ კონკრეტულად რომელიმე თანამშრომლისთვის. შეკითხვაზე, რამდენი თანამშრომელი გათავისუფლდა და რა იყო რეორგანიზაციის საფუძველი, ჯერჯერობით  პასუხი არ მიგვიღია. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

გვანცა გაბეხაძემ დაწერა, რომ „ოცნებისთვის“ პრიორიტეტი აღარაა პროფესიონალი და მორალურად გამართული საჯარო მოხელე, რომელმაც იცის, რომ პარტიას არ უნდა ემსახუროს.

მისივე თქმით, სამსახურიდან უშვებენ ორსულს, რომელიც „აყვავებულ ეკონომიკაში, ბედავს“ და მეთოხე შვილს აჩენს.

„დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, გამოგონილი ,,რეორგანიზაციის” სახელით, რომელიც რეპრესიულ მექანიზმად აქციეს საჯარო სექტორში, დაასრულა ჩემთან 10 წლიანი ურთიერთობა, ასევე ჩემს უკარგეს თანამშრომლებთან და უშუალო ხელმძღვანელთან სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინგლისურენოვან განყოფილებაში (Agenda.ge).

ეს, ჩემთვის პირადად, არ ყოფილა მოულოდნელი, იმიტომ რომ დიდი ხანია ჩანს როგორი კადრებიც სჭირდებათ და აგროვებენ საჯარო სექტორში, რომელთა კვალიფიკაციაზეც, წესით, დგას ნებისმიერი განვითარებული სახელმწიფო. ამათთვის დიდი ხანია პრიორიტეტული აღარ არის, პირიქით საფრთხეა, პროფესიონალი და მორალურად გამართული საჯარო მოხელე, რომელმაც კარგად იცის, რომ პარტიას არ უნდა ემსახუროს და არ უნდა დახუჭოს თვალი იმაზე, რაც არ არის დასახუჭი.
ამ უმსგავსობას რომ თავი დავანებოთ, მთავრობა, რომელიც ხალხს თვალში ნაცარს აყრის „პატრიოტიზმით და რელიგიურობით“, რომელიც, სინამდვილეში, მათი ქმედებებიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ბოლო ადგილზეც კი არ უდგათ, სამსახურიდან მიშვებს ორსულს, რომელიც ამ „აყვავებულ ეკონომიკაში”, სადაც არც მშობელი წარმოადგენს რამეს და არც ბავშვი, ვბედავ და მეოთხე შვილს ვაჩენ. ვინც დღეს თბილად სხედხართ, თუნდაც კერძო სექტორში, ან თქვენი ბიზნესი გაქვთ და გგონიათ რომ ეს არ შეგეხებათ, ძალიან ცდებით. ზუსტად ისე შეგეხებათ, როგორც „აყვავებული ეკონომიკა“ გეხებათ და კიდევ ბევრი რამე… რეჟიმი ისე ექცევა ყველას, მათ შორის თავგადაკლულ მომხრეებს, როგორც აწყობს. რეჟიმი იყო წინა ხელისუფლება, ეს ხელისუფლებაც არის რეჟიმი და სანამ დიქტატურა საბოლოო სახეს მიიღეს, მანამდე ამოიღეთ ხმა“, – წერს გაბეხაძე.