ოსტატების რეესტრში ჩარიცხვის მსურველების შესაფასებლად სპეციალური კომისია შეიქმნა

პუბლიკა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ოსტატების რეესტრში ჩარიცხვის მსურველების შეფასების მიზნით სპეციალური კომისია შეიქმნა.

სპეციალური კომისიის შემადგენლობაში არიან:

  • ტარიელ კიპაროიძე (არქიტექტორ-რესტავრატორი)

  • მერაბ ბოჭოიძე (არქიტექტორ-რესტავრატორი)

  • გოგოთურ მირსიაშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი)

  • ნიკოლოზ ზაზუნიშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი)

  • ნოდარ მინდორაშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი)

  • სპარტაკ ჯვარიძე (სამუშაოთა მწარმოებელი, რესტავრატორი)

  • გიორგი ციციშვილი (არქიტექტორი)

  • დავით ჯინჭარაძე (არქიტექტორი)

  • ლაშა შარტავა (არქიტექტორი).

სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ ამ კომისიასთან გასაუბრების შემდეგ ექნებათ კანდიდატებს შესაძლებლობა, რომ მოხვდნენ ოსტატების რეესტრში და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში დასაქმდნენ ან დასაქმებამდე კვალიფიკაციის კურსები გაიარონ.

სამინისტროში ამბობენ, რომ ამ ეტაპისთვის უწყებაში შესულია 70 განაცხადი.

ოსტატების რეესტრში დასარეგისტრირებლად განაცხადების მიღების ბოლო ვადა 15 ივნისია, ხოლო გასაუბრება კანდიდატებთან მომდევნო კვირაში დაიწყება.

სამინისტროს ინფორმაციით, ოსტატების რეესტრის შექმნის მიზნით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აგრძელებს განაცხადების მიღებას შემდეგ პროფესიებში:

– ქვითხურო (ქვისმთლელი მწყობელი; ჩუქურთმის მჭრელი; დეკორატორი);
– ხითხურო; ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი.
– კირითხურო (მლესავი; ყორემწყობელი; მძერწავი);
– სახურავთა ოსტატი (კრამიტ-ლორფინის ოსტატები; მეთუნუქე ოსტატები)
– მჭედელ-ზეინკალი;
– მეავეჯე; ხარატი; დეკორატორი.

რეესტრში მოსახვედრად პრაქტიკოს ოსტატებს 15 ივნისამდე კიდევ აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ საქართველოს კულტურის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალური გვერდის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის info@culture.gov.ge ან ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე 2-022-229. გასაუბრებაზე მოსაწვევად პირმა უნდა წარმოადგინოს ბიოგრაფია და ჩამოთვალოს წარსულში შესრულებული სამუშაოები. გასაუბრებაზე დაბარების შემთხვევაში, მან თან უნდა იქონიოს შესრულებულ სამუშაოთა ფოტო და, არსებობის შემთხვევაში, ვიდეომასალა.

„საბოლოო ჯამში, რეესტრში აღრიცხული ოსტატები მიიღებენ დამატებით პრაქტიკულ გამოცდილებას და ერთწლიანი პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში – სერტიფიკატს. გათვალისწინებულია, რომ 2022 წლის 1 მაისიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის უფლება ჰქონდეთ მხოლოდ იმ სპეციალისტებს, რომელთაც ექნებათ სერტიფიკატით დადასტურებული პროფესიული უნარები.

აღსანიშნავია, რომ ოსტატთა რეესტრის შექმნის აუცილებლობა ქვეყანაში კულტურულ მემკვიდრეობის მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა განაპირობა. კერძოდ, როგორც ახალშექმნილი სამინისტროს მიერ ამ სფეროს შესწავლამ ცხადყო, ხშირ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არსებული პრობლემები კვალიფიციური კადრების სიმწირით ან არსებული კადრების პროფესიონალიზმის ნაკლებობითაა გამოწვეული. ამის სამწუხარო მაგალითია გელათის სამონასტრო კომპლექსიც, რომლის გადახურვის პროექტი 2008 წელს შედგა და, მას შემდეგ, ხარვეზებით წარმოებულმა სამუშაოებმა ძეგლის დაზიანება გამოიწვია, “- ამბობენ სამინისტროში.