საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოთარ ჩრდილელმა საპარლამენტო მანდატი დატოვა. მისი თქმით, მიზეზი უზენაესის მოსამართლეთა შესახებ დღეს მიღებული გადაწყვეტილებაა. ოთარ ჩრდილელი „ქართული ოცნების“ წევრი და მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრია.
დღეს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 14 კანდიდატი დაამტკიცა.
ამის შესახებ ოთარ ჩრდილელი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„ერთი წელია, ვცდილობთ, რომ არ დაზიანდეს სასამართლოს იმიჯი. მთელი ეს პერიოდი კონკრეტულად ამ საკითხზე ბევრჯერ შეიკრიბა გუნდი, ვცადეთ უდანაკარგოდ მიგვეღო გადაწყვეტილება და მივსულიყავით კონსენსუსამდე. რა შედეგიც დადგა-ყველამ ერთად ვნახეთ. შესაძლოა, მე ვცდები და ზედმეტად მუქ ფერებში ვხედავ(დი) მოსამართლეთა დუჟინას. და რა იქნება მომავალში? – არც არაფერი, უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო დეპუტატის მანდატი.
ჩემთვის ორი მოწვევის დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნე ინდივიდუალიზმი და (არა შაბლონური) მადლობა „ქართულ ოცნებას“, რომ მთელი რიგი სენსიტიური საკითხებისადმი გუნდის წევრებს გვქონდა პლურალისტური მიდგომა, გარედან შესაძლოა, ჩანს, რომ: ყველაფერი ერთ ხმაში, ხავერდოვნად მიდის, მაგრამ მერწმუნეთ: შიგნით-დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია…
მე არ მქონდა მორალური უფლება, რომ „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით შესულს დამეტოვებინა უმრავლესობა და პარლამენტში სხვა ფრთაზე გავმაგრებულიყავი. თითქმის ერთი წლით ადრე ვტოვებ პარლამენტს, სადაც შევიძინე: მეგობრები, გამოცდილება და შაქარი. არასოდეს გამიწყვეტია კონტაქტი მოსახლეობასთან და ამით ვამაყობ. პირადად ვინც მიცნობს იცის, რომ ჩემთვის ღირებულია ადამიანი, კანონი, მორალი, პატიოსნება. კიდევ ერთხელ ყველას მადლობას მოგახსენებთ, უდიდესი ნდობისთვის. წარმატებებსა და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ. მრავალჟამიეეერ, ღმერთი ჰფარავდეს, დედა სამშობლოს“, – წერს ოთარ ჩრდილელი.
დღეს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია 14 კანდიდატი.
ესენი არიან: მერაბ გაბინაშვილი; მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; გიორგი მიქაუტაძე; ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; შალვა თადუმაძე; ვლადიმერ კაკაბაძე; ლევან მიქაბერიძე; ქეთევან ცინცაძე ; ალექსანდრე წულაძე.
არასამთავრობო ორაგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მოსამართლეთა ეს სია უარყოფით შეფასებას იწვევს. მათი თქმით, პრეტენდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ღიად უჭერს მხარს სასამართლოში არსებულ კლანს, ერიდება განსხვავებული აზრის გამოხატვას, რაც მათ შინაგან თავისუფლებაზე, ღირებულებებსა და მორალურ სიმტკიცეზე დადებითად არ მეტყველებს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია. მათგან ზაზა თავაძემ უარი განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე.